აი ფაქტი: „საერთაშორისო“ ტურნირი რუსული შლეიფით – საჰაერო ტანვარჯიში თბილისში

21 თებერვლის დილას წერეთლის გამზირზე, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში მივედით. ერთ-ერთ დარბაზში საჰაერო ტანვარჯიშის “საერთაშორისო” ტურნირი იმართებოდა. ტრიბუნებზე, დაახლოებით, 50 ადამიანი იჯდა – ძირითადად, მონაწილეების ოჯახის წევრები და ახლობლები. ადგილების ძებნის პარალელურად, რუსული დიალოგები მოგვესმა. რუსულად ლაპარაკობდა თითქმის ყველა, ტურნირის მონაწილეები, მათი გულშემატკივრები, მწვრთნელები, ჟიურის წევრები და რაც მთავარია, ღონისძიების ორგანიზატორები – ალექსანდრ ზაკიროვი და ელენა კუზკინა.

მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრში შვიდი სხვადასხვა ქვეყანა ასპარეზობდა, ინგლისური საუბრისთვის ყური არ მოგვიკრავს. აშკარა იყო, რომ უცხოელები ერთმანეთს რუსულად უფრო კარგად უგებდნენ, მათ შორის, თურქეთის და -ის გუნდის წარმომადგენლებიც. ინგლისურს იყენებდნენ მხოლოდ ტურნირის ოფიციალურ ნაწილში და არა ერთმანეთთან კომუნიკაციისას.

დამაბნეველი იყო ღონისძიების სახელწოდებაც – „აზიის საჰაერო ტანვარჯიშის თამაშები 2026“. გაუგებარია, რატომ ჰქვია აზიის, როცა მასში მონაწილეობს ბელარუსი, , ჩინეთი, , თურქეთი, საბერძნეთი და საქართველო.

ოფიციალური განრიგის მიხედვით, ტურნირზე, დაახლოებით, 65 მონაწილე ჰყავდათ. მათი დიდი ნაწილი სლავური გვარით იყო. მაგალითად, საქართველოს სახელით გამოვიდა ინგა მატვეევა და ალექსანდრა ტროფიმოვა. აშშ-ს სახელით გამოვიდა მილანა სიტალოვა, თურქეთს კი წარმოადგენდა ვერონიკა ჟუხინა და ანამარია სავინა.

თვალში მოგვხვდა ბრენდირებული მაისური წარწერით – Астар. იქვე დავძებნეთ, რომ Астар-ი რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ რევდაში არსებული სტუდია ყოფილა.

ვიეჭვეთ, რომ შეჯიბრი საერთაშორისო კი არა, სინამდვილეში, რუსული იყო, ხოლო სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობა ერთგვარი შირმა. გავყევით ღონისძიების ორგანიზატორების და პარტნიორების კვალს, რომელმაც კრემლთან მიგვიყვანა. ამ ყველაფერში კი ორი მთავარი მოთამაშეა:

  • GAPAF (გლობალური საჰაერო ტანვარჯიშის ფედერაცია) -კერძო ორგანიზაცია, რომელსაც ოფიციალური ლეგიტიმაცია არ აქვს, ტანვარჯიშის რეალური საერთაშორისო ფედერაცია (FIG) ამ სპორტს არ აღიარებს და რომლის უკანაც რუსეთის სტრატეგიული ინტერესებია;
  • BRICS – ის სახელით მოქმედი სპორტული ცენტრი, რომლის საქმიანობას მხარს უჭერს კრემლი და უშუალოდ ვლადიმერ პუტინიც.

ამ ორგანიზაციების სპორტულ და პოლიტიკურ მიზნებს დეტალურად გაგაცნობთ. იქამდე, 21 თებერვლის ტურნირს დავუბრუნდეთ.

საჰაერო ტანვარჯიშის შეჯიბრს რომ ვესწრებოდით, ვიფიქრეთ გავსაუბრებოდით იმ ხალხს, ვინც ეს ყველაფერი მოაწყო. ჩვენი იქ ყოფნისას, 4-5 საათის განმავლობაში, განსაკუთრებით აქტიურობდა ერთი კაცი, რომელიც რუსულად საუბრობდა და მითითებებს აძლევდა როგორც მონაწილეებს, ისე ჟიურის.

მასთან მივედით, თავი სტუდენტებად გავასაღეთ და ტურნირის შესახებ ინტერვიუ ვთხოვეთ. ჯერ უარით გამოგვისტუმრა, მოგვაჩვენა, რომ ორგანიზატორი არ იყო და ელენა კუზკინასთან გადაგვამისამართა – მე არ გამოგადგებით, ორგანიზატორი ის არისო. ელენამ კი პირიქით, თითი მისკენ გაიშვირა, ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი ის არის, მე უბრალოდ ვეხმარებიო.

მოგვიანებით გავარკვიეთ, ეს კაცი ალექსანდრ ზაკიროვი ყოფილა და ელენამ მართალი გვითხრა, ყველაფრის თავი და თავი ის არის. მეტიც, მის გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში გამართულ ტურნირს საერთაშორისო კიარა, რუსული შლეიფი აქვს.

GAPAF-ის ტურნირი თბილისში 2024 წლის ივლისსაც გაიმართა – სახელწოდებით, „ევროპის ჩემპიონატი საჰაერო სპორტულ ხელოვნებაში“. მათი ინსტაგრამის მიხედვით, ღონისძიებას უმასპინძლა ტანვარჯიშის არენამ, რომელიც სახელმწიფო კომპანია შპს სპორტმშენსერვისს ეკუთვნის და წილებს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მართავს. GAPAF-ის ფეისბუქ გვერდზე უდევთ ანონსი, რომ ტანვარჯიშის ტურნირის მოწყობას თბილისში წელსაც აპირებენ.

ალექსანდრ ზაკიროვი – რუსეთის “სპორტული მისიონერი”

ზაკიროვი 2019 წლიდან GAPAF-ის (Global Air Power Athletics Federation) დამფუძნებელი და პრეზიდენტია. ორგანიზაცია ოფიციალურ მისამართად მექსიკას უთითებს, თუმცა ტურნირებს ევროპასა და აზიაში მართავს.

GAPAF-ის ღონისძიებებს მასპინძლობს რუსეთის ქალაქებიც – მაგალითად, მოსკოვი, ეკატერინბურგი და სოჭი. 17-19 აპრილს მოსკოვში კიდევ ერთ ტურნირს გეგმავენ, რომლის მხარდამჭერი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც იქნება.

ეს ორგანიზაცია საერთაშორისო ფედერაციად პოზიციონირებს და ამბობს, რომ ოთხ კონტინენტს მოიცავს. თუმცა, რეალურად, მას არ აღიარებს ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია (FIG). ოფიციალურად, ტანვარჯიშის 8 სახეობა არსებობს და საჰაერო ტანვარჯიში მათ რიგებში არ არის.

GAPAF-ის სახელს ვერ იპოვით ვერც ოლიმპიური კომიტეტის მიერ ლეგიტიმაციის მქონე ფედერაციების ჩამონათვალში. ეს ნიშნავს, რომ GAPAF კერძო ორგანიზაციაა, მისი ტიტულები სიმბოლურია და მსოფლიო სპორტში რეალური წონა არ აქვს.

სოჭში ჩატარებული ტურნირის ანონსი, წყარო: GAPAF-ის ინსტაგრამი

სწორედ ეს ალტერნატიული ფორმატია მიმზიდველი რუსეთისთვის – შეუძლია სპორტსმენები თავისუფლად გაგზავნოს ზაკიროვის მოწყობილ შეჯიბრებებში, გვერდი აუაროს უკრაინის ომის გამო დაწესებულ სპორტულ სანქციებს და შექმნას ილუზია, თითქოს, ისინი კვლავ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობენ.

💡
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო International Olympic Committee (IOC)-მა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს ჩამოართვა ოფიციალური სტატუსი და ოლიმპიური ფონდებიდან ფულის მიღება აუკრძალა; რუს სპორტსმენებს აეკრძალათ ოლიმპიადებზე რუსეთის სახელით გამოსვლა, ეროვნული სიმბოლიკის, დროშის და ჰიმნის გამოყენება; მათ შეუძლიათ იასპარეზონ მხოლოდ “ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის” (AIN) სტატუსით; რუსეთს ჩამოერთვა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის უფლებაც.

აშკარაა, რომ ზაკიროვი დამოუკიდებლად არ მოქმედებს და კრემლის სპორტულ პოლიტიკას ატარებს. ამაზე მეტყველებს მისი ვიზიტი სანქცირებულ სპორტის მინისტრ მიხაილ დეგტიარიოვთან. შეხვედრა 2025 წლის სექტემბერში შედგა, ასევე სანქცირებული პროპაგანდისტული მედიის, „კომსომოლსკაია პრავდას“ ოფისში.  მათ BRICS-ის ქვეყნებში სპორტული კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრეს. ზაკიროვი სპორტის სამინისტროში 2023 წელსაც იყო, ფედერაციების აკრედიტაციის კომისიაში.

21 თებერვალს ზაკიროვი ჩავწერეთ და ამ ტურნირის მიზნებზე მოვაყოლეთ. არ იცოდა, რომ ჟურნალისტები ვიყავით — სტუდენტები ვეგონეთ და საკმაოდ ღიად გვესაუბრა. ინტერვიუს ენად რუსული არჩია, ჩვენს კითხვებს კი ინგლისურიდან რუსულად აშშ-ის გუნდის წარმომადგენელი, ალექსანდრა ნიკოლ მატვიივი უთარგმნიდა.

ზაკიროვმა ტურნირის ისტორიაზე ისაუბრა და სამომავლო გეგმებზე გვითხრა — ვნახოთ, შესაძლოა, თბილისში მსგავსი შეჯიბრი კიდევ ჩავატაროთო. როდესაც ტურნირის პოლიტიკურ მხარეზე, რუსების მონაწილეობასა და რუსული მხარის ორგანიზებაზე ვკითხეთ, ღიმილით გვიპასუხა:

„თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, სპორტი არ უნდა იყოს პოლიტიკაში გარეული, არანაირად. ჩვენ არ ვადევნებთ თვალს [პოლიტიკურ] სიტუაციას, ჩვენ მხოლოდ სპორტით ვართ დაკავებულები… [კითხვაზე, თუ რატომ საუბრობდა თითქმის ყველა მონაწილე, მწვრთნელი და ჟიურის წევრი რუსულად] ჩვენი მშობლები ოდესღაც ყველანი ფლობდნენ რუსულ ენას…“.

რუსეთთან კავშირები დავადასტურეთ 21 თებერვლის ტურნირის ანონსითაც, რომელზეც მხარდამჭერი ორგანიზაციებია მითითებული.

ლოგო 1: TimeTrial – სანკტ-პეტერბურგში დაფუძნებული რუსული კომპანია, რომელიც გასაბერ სპორტულ ინვენტარს აწარმოებს. TimeTrial-ს 35 მილიონი რუბლის სახელმწუფო კონტრაქტებიც აქვს. კომპანია რუსული არმიისთვის სამხედრო დანიშნულების ინვენტარსაც აწარმოებს;

ლოგო 2: BRICS-ის სტრატეგიული პროექტების ალიანსი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით შეიქმნა და რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ფინანსდება; ამ ალიანსის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ლარისა ზელენცოვაა. მას 2025 წელს პუტინისგან მიღებული აქვს საპატიო სიგელი „რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის“.

ლოგო 3: WSA/ მსოფლიო სპორტული ალიანსი, რომლის პრეზიდენტიც ვიქტორ ლისინია. ის, ამავდროულად, BRICS-ის სტრატეგიული ალიანსის სპორტული ცენტრის ვიცე-პრეზიდენტია. ორგანიზაციას მისამართად კოლუმბია, ბოგოტა, საკონტაქტოდ კი რუსული ნომერი აქვს მითითებული.

2025 წლის თებერვალში BRICS-ის ალიანსის  თამაშებს შეუერთდა GAPAF-იც. ამ ამბავს ზაკიროვი სიხარულით შეხვდა – “ჰურა, ჰურა, ჰურა!” – წერდა თავის ВКонтакте-ზე.

ის ამ ალიანსში ორ მაღალ თანამდებობას იკავებს – სტრატეგიული პროექტების საერთაშორისო ალიანსის სპორტული ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი და BRICS-ის ქვეყნებში საჰაერო ტანვარჯიშისა და აკრობატიკის განვითარების დირექტორია.

მასალის გამოქვეყნებამდე ალექსანდრ ზაკიროვს და GAPAF-ს ოფიციალურ ელ.ფოსტაზე დამატებითი კითხვები გავუგზავნეთ, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ დაუბრუნებიათ.

BRICS-ის რუსული ქსელი

უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ თვეში პუტინმა კრემლში საბჭოს სხდომა მოაწყო და მთავრობის წევრებს ვიდეოზარით ასე მიმართა :

“რაც შეეხება საერთაშორისო სპორტული ფედერაციების მიერ რუსეთში გაუქმებულ პროექტებს… მათ ღმერთი განსჯის, გაუქმებული შეჯიბრებები საჭიროა ჩვენი ახალი ფორმატებით ჩავანაცვლოთ. ჩვენ ამის გაკეთება ძალიან სწრაფად შეგვიძლია: მოვაწყობთ ღია, მრავალეტაპიან სპორტულ ტურნირებს და უზრუნველვყოფთ იმას, რომ მასში მონაწილეობა მიიღონ უცხოელმა სპორტსმენებმა, კლუბებმა და გუნდებმა”. როგორც ჩანს, ამ მიზნის შესასრულებლად კრემლი კარგად იყენებს BRICS-ის ალიანსს. სწორედ ამ ალიანსის საქმიანობის ფარგლებში ჩატარდა საჰაერო ტანვარჯიშის ტურნირი თბილისში.

2024 წლის ივნისში ქალაქ კაზანში გაიხსნა “ბრიქსის თამაშები 2024”. ამ ტურნირს რუსეთმა პირველად უმასპინძლა, თანაც გაფართოებული მასშტაბით. ამ წელს რუსმა სპორტსმენებმა 27 სახეობაში იასპარაზეს, როცა 2017 წელს ჩინეთში ჩატარებული “ბრიქსის თამაშები” გაცილებით მცირე მასშტაბის იყო და მხოლოდ სპორტის სამ სახეობას მოიცავდა.

„თამაშები პირველად იმართება ღია ფორმატში — ეს გახდება კულტურათაშორისი დიალოგის გაფართოების კიდევ ერთი სიმბოლო, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ხალხთა მეგობრობის განმტკიცებაში[…] დარწმუნებული ვარ, გაიზრდება ამ თამაშების პოპულარობა და მიმზიდველობა, როგორც ისეთი შეჯიბრის, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ჩარევისა და ზეწოლისგან ”, – ასე გახსნა პუტინმა “ბრიქსის თამაშები 2024” კაზანში.

💡
კაზანში გამართულ “ბრიქსის თამაშებში” დამოუკიდებელ სახელმწიფოებად წარმოაჩინეს ოკუპირებული და ე.წ სამხრეთ ოსეთი. სპოტსმენები სცენაზე ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დროშების ფონზე გამოვიდნენ. ცალკე გამოვიდა საქართველოს წარმომადგენელი.

BRICS-ი 11 ქვეყნის საერთაშორისო ალიანსია. წლების განმავლობაში, ის ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთობა იყო. სახელიც ამ ქვეყნების სახელწოდების აბრევიატურაა. ალიანსის ერთ-ერთი მიზანი სპორტის საშუალებით დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება, მათ შორის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (СНГ/დსთ) წევრებს შორის.

BRICS-ის სტრატეგიული მიზნები პუტინის გარდა, სერგეი ლავროვის და მარია ზახაროვას მიერაც არის მოწონებული. ამის დასტურად, brics-sport.ru-ზე მათი წერილები ვიპოვეთ, სადაც BRICS-ის წარმომადგენლებს პატივისცემით მიმართავენ.

“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელს უწყობს იმ პროექტებს, რომლებიც მიმართულია საზღვარგარეთ რუსეთის ობიექტური აღქმის ჩამოყალიბებისა და მსოფლიო ჰუმანიტარულ სივრცეში მისი როლის გაძლიერებისაკენ. მნიშვნელოვანი ადგილი ასეთ ინიციატივებს შორის უჭირავს სპორტული ხასიათის ღონისძიებებს”, – ეს წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გაუგზავნა BRICS-ის საერთაშორისო სპორტის განვითარების ცენტრის პრეზიდენტ ვლადიმერ ლისინს.

ადგილობრივი ორგანიზატორი ელენა კუზკინა – “პოლიტიკა არ მაინტერესებს”

ელენა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და როგორც თავად გვითხრა, საქართველოში 10 წელია ცხოვრობს. 2021 წლის ოქტომბერში მან ა(ა)იპ საქართველოს საჰაერო ტანვარჯიშის ფედერაცია დაარეგისტრირა. სწორედ ელენას ორგანიზაცია იყო ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში გამართული ტურნირის ადგილობრივი ორგანიზატორი.

ელენას ტანვარჯიშის სტუდიაც აქვს. იქ მომზადებული სპორტსმენები გამოდიოდნენ 21 თებერვლის შეჯიბრზე. ელენას ორგანიზაცია GAPAF-ის ფედერაციის წევრია, თავად კი GAPAF-ის მსაჯი. ზაკიროვის მსგავსად ელენასაც სტუდენტებად გავეცანით და ინტერვიუზე ისე დავითანხმეთ.

“ახალი სპორტია საქართველოსთვის, გვაქვს ფედერაცია, მაგრამ ჯერ არ შევდივართ სამინისტროში ოფიციალურად და არაფერი დახმარება არა გვაქვს. ბევრი დაფინანსება გვჭირდება, მაგრამ არა გვაქვს ამ ეტაპზე. ახლა ფინანსები, ყველაფერი, მონაწილეებისგან გვაქვს, ფასიანია, ჩვენს ქვეყანაში ბევრია – 100 ევრო თითო მონაწილე…სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან, წინა წელს იყვნენ ყაზახეთიდან, სომხეთიდან და ირანიდანაც…ასევე ჩვენ შევდივართ საჰაერო ტანვარჯიშის გლობალურ ფედერაციაში…მთავარი როლი იმას აქვს (გულისხმობს GAPAF-ის პრეზიდენტ ზაკიროვს) და მე როგორც დამხმარე…”, – გვითხრა კუზკინამ.

ისიც ვკითხეთ, ხომ არ წააწყდნენ საზოგადოების უკმაყოფილებას ტურნირში ბევრი რუსი მონაწილის გამო, რაზეც გვიპასუხა: “ეს სპორტია უბრალოდ, არ აქვს მნიშვნელობა, გამოდიან რუსები და უკრაინელები ერთად, ვიღაც თურქეთიდან გამოდის რუსი… ჩვენგან გამოდის ვისაც უკვე ბინადრობა და რამე საბუთები აქვს…”

ჩვენ სტატიის გამოქვეყნებამდე ელენას კიდევ ერთხელ დავურეკეთ, ამჯერად, როგორც ჟურნალისტებმა. ჯერ წყნარად გვესაუბრებოდა, თუმცა როგორც კი ზაკიროვის რუსული კავშირები და “ბრიქსი” ვუხსენეთ, გაბრაზდა და თავიდან მოგვიშორა:

“[ბრიქსზე] არაფერი ინფორმაცია არა მაქვს, რატომ ესეთი კითხვები გაქვთ. როგორც ვიცი, ეს არ არის მხოლოდ რუსეთის რაღაცა, ბრიქსი… მე ახლა ვმუშაობ მხოლოდ სპორტის განვითარებაზე, პოლიტიკური მომენტები საერთოდ არ მაინტერესებს, თუ რამე გინდათ ეგრე… მაშინ არასწორად მირეკავთ. მე საერთოდ არაფერი არ ვიცი და არ მაინტერესებს. მე არა ვარ ორგანიზატორი, ერთად ვიყავით… ეს არ არის რუსეთის რაღაცა მხარდაჭერა, საერთოდ არ მაინტერესებს რუსეთში რა ხდება, როგორ ხდება… მე აქ ვცხოვრობ, საქართველოში და მე მგონი ვაპირებ აქ ვიცხოვრებ. კიდევ რაღაცა არ ვიცი შეიძლება სხვა ქვეყანაში გადავალ, არ მაინტერესებს საერთოდ პოლიტიკა.” – გვითხრა ელენა კუზკინამ. [სტილი დაცულია].

ზაზა ფაჩულიას აკადემიაში გამართული „აზიის თამაშები“ ერთი შეხედვით უწყინარი, ლამაზი სპორტული სანახაობა იყო. თუმცა, სტატიაში მოყვანილი ფაქტები აჩვენებს, რომ ეს უცხო ქვეყნის დროშებს ამოფარებული რუსული “რბილი ძალის” პოლიტიკური პროექტია.

სქრინი Brics-sport.ru-დან

რას ფიქრობენ ამ ამბავზე სპორტის სამინისტროს და მასპინძელი დარბაზის წარმომადგენლები?

სამინისტრომ მხოლოდ ეს გვიპასუხა: “ვინაიდან ა(ა)იპ საქართველოს საჰაერო ტანვარჯიშის ფედერაცია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ არაა აღიარებული, ორგანიზაციის მიზნებზე, გეგმებსა და მათ მიერ ჩატარებული ტურნირების შესახებ სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს”.

ეს ამბავი ჩვენგან გაიგეს და გაუკვირდათ ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაშიც. გენერალურმა მენეჯერმა სოფო სიმონიშვილმა გვითხრა, დარბაზი იჯარით მივაქირავეთ ფიზიკურ პირს და დეტალურად არ ჩავძიებივართ, ვინ იყო ამ სპორტული ღონისძიების ორგანიზატორიო.

მენეჯერს მოვუყევით ფაქტები და შევატყობინეთ, რომ მათ დარბაზში პუტინთან დაკავშირებული ორგანიზაციის ტურნირი გაიმართა. ვკითხეთ, როგორ აგვესახა სტატიაში მათი ოფიციალური პოზიცია. მენეჯერმა პასუხის მოსაფიქრებლად დრო ითხოვა, რამდენიმე წუთში გადმოგვირეკა და გვითხრა: “ბოლო კითხვაზე არ გავაკეთებ კომენტარს, თავს შევიკავებ”.