“აი, ფაქტი”: როგორ გასცემს თბილისის მერია მშენებლობის ნებართვას? (ვიდეო)

თბილისში, ყაზბეგის 32ა-ში მცხოვრებმა ადამიანებმა ორი წლის წინ შენიშნეს, რომ მეზობლად დაწყებულმა მშენებლობამ მათი სახლები დააზიანა. კედლებზე ბზარები გაჩნდა, იატაკი დაიბრიცა. ახალი კორპუსი, რომელიც მათგან 9 მეტრში შენდება, თავდაპირველად ს ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს ეკუთვნოდა, მოგვიანებით კი სხვა მესაკუთრეს გადასცა. სამშენებლო ნებართვა თბილისის მერიამ გასცა.

“აი, ფაქტის” გამოძიებისას გაირკვა, რომ დამტკიცებული სამშენებლო დოკუმენტაცია ზედაპირული და არასრული იყო. ზეგავლენის შეფასების დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს კონსტრუქტორი ნინო კაციტაძე, მხოლოდ ფოტომასალას შეიცავს და არ მოიცავს არც ინჟინერულ გამოთვლებს, არც მოდელირებას და არც ცხადად წარმოდგენილ მეთოდოლოგიას. მიუხედავად ამისა, მერიამ სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით გასცა მშენებლობის ნებართვა.

გამოძიების პროცესში ვეძებდით კონსტრუქტორ ნინო კაციტაძეს, რომელიც ამ სადავო დასკვნის ავტორია. მას ვერ მივაკვლიეთ. დოკუმენტებში მითითებულ ნომერზე არავინ გვიპასუხა. ვიყავით იმ მისამართზეც, რომელზეც მისი კომპანიაა რეგისტრირებული. ძველი თბილისის ეზოში ამ ოფისის, კომპანიის ან ქალის შესახებ არ იციან. დათვალიერებითაც იქ ოფისი ვერ ვიპოვეთ.

ბზარების გაჩენის შემდეგ, ყაზბეგის 32ა-ში მაცხოვრებლებმა საქმეში დამოუკიდებელი სპეციალისტი და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ჩართეს. სამხარაულის ექსპერტიზამ დასკვნაში დაწერა, რომ მომიჯნავე კორპუსში არსებული ბზარები გააქტიურდა მშენებლობით გამოწვეული ვიბრაციების შედეგად.

ამ დასკვნის საფუძველზე და მობინადრეების განუწყვეტელი პროტესტის შემდეგ თბილისის მერიამ ახალი მშენებლობა დროებით შეაჩერა და დაზიანებული კორპუსის გამაგრებისთვის 3 მილიონი ლარი გამოყო.

ახლა გამაგრების სამუშაოები მიდის. მშენებელი კომპანია “სქაი რეზიდენსი” კი ყაზბეგის 32ა-ს მობინადრეების იმ ნაწილს, რომელიც ახალი მშენებლობის მათ კორპუსზე გავლენას აპროტესტებდა, სასამართლოში უჩივის, ფინანსური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. კომპანია თავს დაზარალებულად მიიჩნევს და ამბობენ, რომ ყოველთვიურად მათი ზარალი 200 000 ლარია.

რას პასუხობს თბილისის მერია მათ მიმართ გაჩენილ კითხვებზე? – ნახეთ “აი, ფაქტის” ვიდეოგამოძიებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გიორგი ბაჩიაშვილი ამტკიცებს თავის უდანაშაულობას, რასაც ამტკიცებს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ფაქტებითა და უტყუარი მტკიცებულებებით – საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არანაირი დანაშაული არ დასტურდება