აი ფაქტი: რას ფლობს “ფასების კომისიის” თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი? (ვიდეო)

შოთა ბერეკაშვილი “ქართული ოცნების” მილიონერ დეპუტატთა რიგებშია. 2026 წლის თებერვლიდან კი სათავეში უდგას სპეციალურ საგამოძიებო კომისიას, რომელმაც კვერცხის, საწვავის და მედიკამენტების გაძვირებული ფასები უნდა გამოიძიოს და მერე გაიაფებაზე იზრუნოს.

რამდენად აწუხებს გაძვირებული ცხოვრება თავად კომისიის თავმჯდომარეს, თქვენითაც მიხვდებით, მის ფუფუნებაში ცხოვრებას რომ გადახედავთ.

სიმდიდრე მის უძრავ ქონებას და პირად ხარჯებს ეტყობა. მაგალითად, მხოლოდ 2024 წელს ერთ ნაკვეთში ნახევარი მილიონი ევრო გადაიხადა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საყიდლებში ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა, გადარიცხვებში კი 2 მილიონი.

შოთაც და მისი მეუღლეც, რუსეთ-საქართველოს ორმაგ მოქალაქეობას ფლობენ. თუმცა, სამოგზაუროდ ევროპას სტუმრობენ და როგორც ჩანს, დროს არც ისე მოკრძალებულად ატარებენ. მხოლოდ მოგზაურობაში 2024 წელს 320 000 ლარამდე აქვთ დახარჯული.


შოთა ბერეკაშვილის და მისი მეუღლის საკუთრებაშია:

მიწის ნაკვეთი ბაგების სატყეო უბანში, წყნეთისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც 2024 წელს 640 000 ევროდ შეიძინა;
მაკა კვიციანის სახელზეა კერძო სახლი “თბილისი მოლის” მიმდებარედ. ამ ქონების ნაწილი 170 000 ლარად იყიდა, ნაწილი მამამ აჩუქა. თუმცა, დეკლარაციაში სხვა ფასია მითითებული;
კვიციანი ბინას ფლობს ბაკურიანშიც, დასასვენებელ კომპლექსში, რომელიც 50 000 დოლარად აქვს ნაყიდი;
გარდა ამისა, ბერეკაშვილს მემკვიდრეობით მიღებული ბინა აქვს ქუთაისის პრესტიჟულ უბანში, ჯავახიშვილის ქუჩაზე.

მაკა კვიციანის კერძი სახლი დიღომში, ხახულის ქუჩაზე
ფასების კომისიის თავმჯდომარეს ორი ძვირადღირებული ავტომობილიც ჰყავს – 75 000 ევროიანი პორშე კაიენი და 75 000 დოლარიანი ლენდ კრუიზერი.

გადავხედოთ ამ ოჯახის ხარჯებს. 2024 წელს შოთამ და მისმა მეუღლემ საყიდლებში დახარჯა 732 000 ლარი, გადარიცხვებში კი, ორივემ ჯამურად 3 მილიონ ლარზე მეტი.

რა არის წყვილის ოფიციალური შემოსავალი? შოთა ბერეკაშვილის, როგორც პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ანაზღაურება 13 760 ლარია. “ქართული ოცნების” გუნდს ის 2024 წელს შეუერთდა, იქამდე, მხოლოდ კერძო ბიზნესში იყო.

ბერეკაშვილისაა ბიქეი ჰოლდინგი, რომელიც ფლობს – დეველოპერულ კომპანია “თეთრ კვადრატს”, სამშენებლო კომპანია “ბიქეი ქონსთრაქშენს’’ და სამშენებლო კოლეჯ “კონსტრუქტ2”-ს.

“ბქ ქონსთრაქშენის” აშენებულია, მაგალითად, სითი მოლი, რედისონ ქოლექშენი წინანდალში და რესტორანი ფუნიკულიორი მთაწმინდაზე. ამ კომპანიის დირექტორი და შოთას წილის მმართველი ახლა მაკა კვიციანია.

ცოლ-ქმარს ამ ბიზნესიდან მხოლოდ 2024 წელს 5 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა. “ბიქეი ქონსთრაქშენს” სახელმწიფო კონტრაქტებიც აქვს – ჯამში 54 მილიონი ლარის.

მაკა კვიციანს ბიზნესები ცალკეც აქვს, ძირითადად, მოდისა და დიზაინის სფეროში. მასზე ვიცით ის ფაქტიც, რომ კახა კალაძის ცოლის, ანუკი არეშიძის ახლო მეგობარი და მეჯვარეა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: ჩვენ მივიღეთ რეჟიმის ცვლილება, ახლა განსხვავებულ რეჟიმთან გვაქვს საქმე, ისინი ნაკლებად რადიკალურები არიან, გვაქვს რეჟიმის ცვლილება, მაგრამ ეს ოპერაცია ამისთვის არ ჩაგვიტარებია