აი, ფაქტი: “პრავფონდის” ფაილები: ვინ ფინანსდება რუსეთიდან? – ნაწილი 2

ბოლო 6 თვეა რუსული “პრავფონდიდან” გამოჟონილ ფაილებს ვკითხულობთ და ვაანალიზებთ. მასალა ხელში ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციას, OCCRP-სა და მის მოკავშირე მედიებს ჩაუვარდა და “აი, ფაქტს” მათზე მუშაობის საშუალება ამ გზით მიეცა. ათასობით მეილსა და დოკუმენტებში ოთხი ორგანიზაცია ვიპოვეთ, რომელსაც სგან 800 000-მდე ევროს დაფინანსება აქვს მიღებული, საქართველოში თავისუფლად მუშაობენ და პრო-რუსულ განწყობებსაც აღვივებენ.

რადგან ინფორმაცია დიდი მოცულობისაა, ამბავი სამ ნაწილად გავყავით. პირველი ნაწილი უკვე გამოქვეყნებულია, რომელშიც მოგიყევით ყველასთვის ცნობილი პრო-რუსის, გულბაათ რცხილაძის საქმიანობასა და დაფინანსებაზე. ამ ნაწილში კი ყველასთვის უცნობ ორ ადამიანზე ვწერთ, რომლებიც, წლებია, დაფინანსებას “პრავფონდიდან” იღებენ და საქართველოში რუსების უფლებების დაცვაზე მუშაობენ.

2024 წლის ივლისში გამოვაქვეყნეთ საგამოძიებო სტატია და ფილმი რუს წყვილზე, მარია და იულია არხიპოვებზე, რომლებსაც გურიაში კოსმოდრომის მშენებლობა სურთ. პარალელურად კი რუსულ სახელმწიფო უწყებებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. თან, საქართველოში რუსული ჯარის განთავსებას და რუსულის სახელმწიფო ენად გამოცხადებას ურჩევენ.

2023 წლის ზაფხულზე მარია და იულია არხიპოვებმა “პრავფონდს” მისწერეს, რომ საქართველოში, ეთნიკურ საფუძველზე, მათი უფლებები ილახებოდა და დახმარება ითხოვეს. თან დაამატეს: “თუ თვლით, რომ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ დაიცვას თავისი მოქალაქე, მაშინ არ ვიცი, კიდევ რა კრიტერიუმს მიიჩნევთ რუსოფობიის გამოვლინებად და როგორ უნდა იქნეს რუსეთის მოქალაქე დამცირებული.”

მიმოწერები იულიასი
მარია არხიპოვას წერილი “პრავფონდს” 

ამ მეილის საპასუხოდ, “პრავფონდმა” ისინი მარინე ბაბუნაშვილის ორგანიზაციასთან გადაამისამართა, თან დაუმატა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათი დახმარებისთვის ორგანიზაციას დამატებით გრანტსაც გამოუყოფნდნენ. ეს მიმოწერა გამოჟონილ მასალებში ვიპოვეთ და დავიწყეთ მარინე ბაბუნაშვილზე ინფორმაციის მოძიება.

გუგლში ამ სახელს და გვარს თუ ქართულად ჩაწერთ, ინფორმაციას თითქმის ვერ ნახავთ. რუსულენოვან წყაროებში მასზე რამდენიმე ცნობას ნახავთ. მაგალითად, 2020 წელს, როცა საქართველოში გაუჩინარდა რუსეთის მოქალაქე ნატალია პეტრაკოვა, სწორედ მარინე ბაბუნაშვილის დახმარებით იპოვეს, ის აქტიურად იყო ჩართული მისი პოვნის ოპერაციაში.

ვინ არის მარინე ბაბუნაშვილი?

63 წლის მარინე ბაბუნაშვილი პროფესიით იურისტია. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, კურსკის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში სამართლის ლექტორად მუშაობდა.

მოგვიანებით, ასპირანტურა გააგრძელა რუსეთის პარლამენტთან არსებულ საკანონმდებლო ინსტიტუტში (ВНИИСЗ – Институт законодательства при Парламенте России), სადაც მისი სამეცნიერო კვლევის თემა საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებები იყო. 1990-ანი წლების დასაწყისში ბაბუნაშვილი საქართველოში დაბრუნდა. იგი თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამართლის კათედრაზე მუშაობდა. 2000-იანი წლებიდან თანამემამულეებისთვის უფასო იურიდიულ კონსულტაციებს აწარმოებდა საზოგადოება „ნადეჟდას“ ქოლგის ქვეშ. სწორედ აქედან დაიწყო მისი საქმიანობა რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით.

მოგვიანებით ბაბუნაშვილი ედუარდ შევარდნაძის ადმინისტრაციის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იურიდიულ დეპარტამენტში დასაქმდა. 2004 წელს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა და ლიცენზია მიიღო. 2008 წლის შემდეგ ის იურიდიულ კონსულტაციებს უწევდა რუსეთის საელჩოს (რომელიც ომის შემდეგ რუსეთის ინტერესთა სექციად გადაკეთდა, რადგან ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა და საელჩო დაიხურა).

2005-2013 წლებში ბაბუნაშვილმა საქართველოში ოთხი ორგანიზაცია დააფუძნა.

ორგანიზაციების სია

მისი ორგანიზაციების საქმიანობებია: ქვეყანაში ადამიანის უფლებების, რწმენისა და სინდისის თავისუფლების დაცვა, ამ უფლებების და თავისუფლებების დარღვევის დაფიქსირება, მათი მიზეზების დადგენა და სახელმწიფო და სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება; მოქალაქეების სამართლებრივი და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი და ზნეობრივი თანადგომა; სამოქალაქო სექტორის განვითარების ხელშეწყობა; საქართველოში ბიზნესის განვითარება და კვლევითი საქმიანობა.

ბაბუნაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიებში მოხსენიებულია როგორც საქართველოში მოქმედი იურისტი, რომელიც თანამემამულეებს კონსულტაციას უწევს. იგი თანამშრომლობდა “პრავფონდთან” (რუსეთის თანამემამულეთა უფლებების დაცვის ფონდთან) და რუსეთის სხვა სამთავრობო პროგრამებთან.

რუსეთის საკონსულო სამსახურიც (ინტერესთა სექცია თბილისში) აქტიურად აწვდის ინფორმაციას რუს მოქალაქეებს ბაბუნაშვილის ცენტრის შესახებ და თავის ოფიციალურ დოკუმენტებში მას მოიაზრებს უფლებადამცველთა ქსელის მნიშვნელოვან ნაწილად.

უფლებადაცვით საქმიანობას ბაბუნაშვილი სამართლებრივი დახმარების ცენტრ Fides et Spes-ის საშუალებით ეწევა. 2013 წლიდან რუსულ “პრავფონდთანაც” ეს ორგანიზაცია თანამშრომლობს. “პრავფონდის” ფაილებში ვიპოვეთ ასეთი ჩანაწერი, რომ მარინე ბაბუნაშვილის ორგანიზაცია Fides et Spes (ლათინურად „რწმენა და იმედი“) მათი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია საქართველოში.

Fides et Spes თბილისში მოქმედი სამართლებრივი და ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრია, სადაც რუსეთის მოქალაქეებს უწევენ იურიდიულ კონსულტაციას, ფსიქოლოგიურ დახმარებასა და სხვა საჭირო მხარდაჭერასაც აღმოუჩენენ. ამ ორგანიზაციის ვებგვერდი ინტერნეტში არ იძებნება. არც სოციალურ ქსელებში აქტიურობენ. თბილისში მათ ოფიციალურ მისამართზე მისულებს ადგილზე არაფერი დაგვხვდა. მეზობლებმა გვითხრეს, აქ ადრე იურიდიული ოფისი იყო, დაახლოებით, ორი წელია დაიხურა და ეს ფართი ხშირად ქირავდება ხოლმეო. ორგანიზაციას ვერც მითითებულ ტელეფონის ნომერზე დავუკავშირდით.

“პრავფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტების მიმოხილვა

ბაბუნაშვილისა და “პრავფონდის” თანამშრომლობა ფონდის დაფუძნებიდან, დაახლოებით, ერთ წელში დაიწყო. ფონდი 2012 წლის იანვარში რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის დადგენილებით შეიქმნა. მისი დამფუძნებელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა, სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად.

გამოჟონილ მასალებში კი უკვე გვხვდება 2013 წლის 17 იანვრით დათარიღებული მიმოწერა ბაბუნაშვილსა და ფონდის წარმომადგენელს შორის. ამ მეილებში ჩანს, რომ მარინეს ორგანიზაციას გრანტის მოთხოვნაზე განაცხადი უკვე ჰქონდა შეტანილი და 2013 წლიდან 2014 წლამდე მუშაობისთვის ფონდს 96 660 დოლარს სთხოვდა. ფონდმა პროექტის რამდენიმე ასპექტი დაიწუნა და ორგანიზაციას მათი შესწორება ურჩია. მაგალითად, წერდნენ, რომ პროექტში არ არის მკაფიო სურათი რუსულენოვანი დიასპორის რაოდენობაზე და მდგომარეობაზე საქართველოში; არ არის თანამემამულეთა უფლებების დარღვევის საკმარისი ფაქტები და ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ იცავდა მათ ცენტრი. წერდნენ ასეთ შენიშვნასაც, რომ ფონდის პრაქტიკის მიხედვით, 80% თანხა უნდა მიდიოდეს უშუალო საქმიანობაზე, ხოლო 20% ადმინისტრაციულ ხარჯებზე, რაც ამ პროექტში არ იყო გათვალისწინებული.

დაფინანსების მიღება
დაფინანსების მიღების დამადასტურებელი წერილი 

საბოლოოდ, ამ პროექტისთვის ფონდმა მას 50 000 დოლარი გამოუყო, ხელშეკრულებას ხელი ორივე მხრიდან ივნისში მოაწერა. პროექტის მიზანი იყო 12 თვის განმავლობაში საქართველოში მცხოვრები რუსებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა – როგორც კონსულტაციები, ისე სასამართლოსა და სხვა ინსტანციებში დახმარება. თუ “პრავფონდის” 2013-2014 წლების ანგარიშს დავუჯერებთ, გრანტის ფარგლებში, ბაბუნაშვილის ორგანიზაციამ 480 იურიდიული და 179 ფსიქოლოგიური კონსულტაცია გამართა. მათ შორის, ზოგიერთი საქმე ევროპის სასამართლომდეც მიიყვანეს.

ამავე საქმიანობისთვის ბაბუნაშვილის ორგანიზაციამ 2013-2024 წლებში “პრავფონდიდან”, სულ მცირე, 360 000 ევროს დაფინანსება მიიღო. გაჟონილი მასალები აჩვენებს, რომ ბაბუნაშვილის ორგანიზაციამ ამ 12 წელში, გრანტის ფარგლებში, 5 000-მდე იურიდიული მომსახურება ჩაატარა. ჩვენთვის ამ რიცხვის გადამოწმება შეუძლებელია და ვეყრდნობით იმ მონაცემებს, რომელსაც გამოჟონილ მასალაში ვხედავთ.

წლების მიხედვით დაფინანსება
წლების მიხედვით დაფინანსება

ავტორის შენიშვნა: გრანტი ან სუბსიდია, უმეტეს შემთხვევაში, განაწილებულია ორ წელზე: ერთი წლის დასასრულსა და მეორე წლის დასაწყისზე. თანხები დაჯამებულია იმის მიხედვით, თუ როდის მოხდა ხელშეკრულების გაფორმება ან/და როდის არსებობს ჩარიცხვის დოკუმენტი/დასტური. გრაფიკაზე ვერ მოხვდა ის სავარაუდოდ დაფინანსებული პროექტები, რომლის ჩარიცხვის დამადასტურებელი ან ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება ვერ ვიპოვეთ.

“პრავფონდიდან” ფულს ბაბუნაშვილი მხოლოდ რუსებისთვის იურიდიული დახმარების გაწევაში არ იღებს. ქვემოთ ჩამოთვლილია მისი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სხვა პროექტები და აქტივობები:

● 2015 წელს გამოსცეს ქართულ-რუსული იურიდიული ტერმინოლოგიის ლექსიკონი, რომელიც 12 000 ევრო დაჯდა. პროექტი მიზნად ისახავდა ენის ბარიერის შემცირებას სამართლებრივ საკითხებში. ლექსიკონის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა;

● 2016 წელს, საქართველოს ძირითადი პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების რუსულ ენაზე თარგმნისთვის პრავფონდიდან ჯერ 8 000, შემეგ კი 2 000 ევრო მოითხოვა;

● 2016 წელს გამართეს სემინარი ქალთა მე-5 პენიტენციარულ დაწესებულებაში სასჯელაღსრულების სამინისტროსთან თანამშრომლობით;

● 2020 წელს გამოსცეს ქართულ-რუსული იურიდიული საკითხების გზამკვლევი. ამ წიგნის გამოცემა “პრავფონდს”, სულ მცირე, 12 000 ევრო დაუჯდა;

● 2022 წელს გამოსცა სოციალურ და შრომით საკითხებზე პრაქტიკული გზამკვლევი რუსულ ენაზე.

იურიდიული დახმარების გარდა, მარინე ბაბუნაშვილი “პრავფონდისთვის” მონიტორინგის ყოველწლიურ ანგარიშებს 2014 წლიდან ამზადებს. დოკუმენტში ის აღწერს რუსულენოვანი მოსახლეობის მდგომარეობას საქართველოში და იმ სირთულეებს, რომელსაც ისინი აწყდებიან. 2022-2023 წლებში გაგზავნილ ანგარიშებში კი მოცემულია ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი რუსი კვეთს საქართველოს საზღვარს და რა პრობლემები ექმნებათ მათ ამ პროცესში, როგორ ხდებიან რუსები საქართველოში მოტყუებისა და თაღლითობის მსხვერპლი უძრავი ქონების შეძენისას და რა გამოწვევებს აწყდებიან ისინი ბინადრობის ნებართვის მიღების დროს.

ბაბუნაშვილის და “პრავფონდის” მიმოწერა ყოველთვის მკვეთრად საქმიანია. ამ კვლევის ფარგლებში, ჩვენ ვიპოვეთ და გავაანალიზეთ მათი 500-მდე მეილი, სადაც განიხილავენ პროექტის შინაარსს, შედეგებს, მონიტორინგსა და დაფინანსების წყაროებს.

2022 წელს ბაბუნაშვილმა ფონდს მისწერა, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ქართულ ბანკებში ფულის ჩარიცხვის პრობლემა მექმნება და რეკვიზიტები უნდა შევცვალოო. ამ დროს, მის ორგანიზაციას “ს” ანგარიში ჰქონდა. რეკვიზიტები მართლაც მალე შეცვალეს და გრანტების მიღება “ლიბერთი ბანკში” გააგრძელეს. 2023 წლის სექტემბერში ფონდს ისევ მისწერა, დროებით ყველა ქართული ბანკი უარს აცხადებს ფონდიდან გადმორიცხული თანხის მიღებაზეო, ამიტომ იქნებ თანხა სომხეთში ჩარიცხოთ, ფიზიკური პირის ანგარიშზეო. თუმცა, სანამ მე გავხსნი ანგარიშს, ჩემი ბუღალტრის სომხური VTB ბანკი გამოიყენოთო. ფონდიც დასთანხმდა და 2024 წელს სომხეთში, მარინე ბაბუნაშვილის ცენტრის ბუღალტრის, ელზა ლალიაშვილის პირად ანგარიშზე, სულ მცირე, 1 448 046 რუბლი, ანუ 16 000 დოლარი ჩაირიცხა.

მარინე ბაბუნაშვილი აქტიურად იყო ჩართული საქართველოში მოქმედ “რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს” მუშაობაშიც. საბჭოს შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია მართავს, დაფინანსებას კი რუსეთში მოქმედი, პუტინის მიერ დაფუძნებული ფონდებიდან და სამთავრობო სტრუქტურებიდან იღებს. საბჭო ეხმარება მის წევრ ორგანიზაციებს დაფინანსების მოპოვებაში; ეხმარება სტუდენტებს რუსეთში გამგზავრებასა და დაფინანსების მიღებაში; მართავს კულტურულ, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ღონისძიებებს.

2016 წელს ბაბუნაშვილი საბჭომ კანონის უზენაესობის, პოლიტიკური ინტეგრაციისა და სამოქალაქო მონაწილეობის საკითხებში მონიტორადაც აირჩია. თუმცა, 2021 წელს საბჭოს ხელმძღვანელობას და ბაბუნაშვილს ურთიერთობა გაუფუჭდათ.

Geodigest-ისთვის 2023 წელს მიცემულ ინტერვიუში ბაბუნაშვილი ამბობდა, რომ საბჭოში წესრიგისა და ფინანსური გამჭვირვალობის პრობლემებს აპროტესტებდა. 2021 წლის სექტემბერში საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციის უფროსმა, დმიტრი ტრუფიმოვმა მოითხოვა ბაბუნაშვილის გარიცხვა საბჭოდან იმ მიზეზით, რომ ის „უარს ამბობდა საბჭოს წევრებთან თანამშრომლობაზე“.

Geodigest-ის ცნობით, ბაბუნაშვილმა თავად მიიღო გადაწყვეტილება საბჭოდან წასვლის შესახებ და საჯაროდ გააკრიტიკა ორგანიზაციის შიდა მმართველობა და ფინანსური გამჭვირვალობის ნაკლებობა. მისი თქმით, საბჭოს ზოგიერთ პროექტის მენეჯერს არასდროს წარუდგენია ფინანსური ანგარიშგება შესრულებულ პროექტებზე, განსხვავებით სხვა წევრებისგან. გარდა ამისა, ბაბუნაშვილი აღნიშნავდა, რომ საბჭოს თავმჯდომარე ნიკალაი სვენტიცკი ვერ ახერხებდა წესრიგის დამყარებას ორგანიზაციაში — მაგალითად მოჰყავდა მისი ორგანიზაციის სახელით გაგაზავნილი ყალბი მეილები.

მარინე ბაბუნაშვილი საქართველოში 2012 წელს თაღლითობის ბრალდებითაც დააკავეს. მას ბრალად დოკუმენტზე ხელმოწერის გაყალბება ედებოდა. ამისთვის, შინაპატიმრობის 2 წელიც მიუსაჯეს, თუმცა პრავფონდში გაგზავნილი და ღია მონაცემებში მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ 2013 წლის საყოველთაო ამნისტიაში მოხვდა და ბრალიც მოეხსნა.

მარინე ბაბუნაშვილისა და მისი მეუღლის სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება.

ჩვენ მარინე ბაბუნაშვილს დავურეკეთ. თავიდან გვითხრა, რომ დიდი ხანია აღარ მუშაობდნენ და აზრი აღარ ჰქონდა ლაპარაკს: “მართალი რომ გითხრათ, არ მცალია. ხოდა, არც მაქვს სურვილი, რაზე ვილაპარაკო, წარსულის რაღაცა გამოცდილებაზე… ვერ ვხედავ აზრს”.

მოაყოლა, ჩვენ საქართველოში ანგარიშები 2022 წლიდან დახურული გვაქვსო. შემდეგ ვკითხეთ, გახსნეს თუ არა მან და მისმა ბუღალტერმა ანგარიშები სომხეთში.

“ჩემმა ბუღალტერმა? ჩემი ბუღალტერი სულ სხვა ორგანიზაციის ბუღალტერია და მე მეხმარება ისე და მე რას გავხსნი საზღვარგარეთ, ეს… ხოდა, საიდან და რა იმიდან გეუბნებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ეს ორგანიზაცია, ვინაიდან არის დასანქცირებული, საქართველოს ყველა ბანკში მას აქვს დახურული ანგარიში, ვისგანაც არ უნდა იღებდეს ამ თანხებს.”

ბაბუნაშვილმა გვითხრა, ფონდი 2022 წლიდან სანქცირებულია და დაფინანსებას მანამდე ვიღებდით, ვიდრე დასანქცირდებოდაო. თუმცა, მიმოწერებში ვხედავთ, რომ ბაბუნაშვილის ორგანიზაციებმა 2023 წელსაც მიიღეს დაფინანსება “პრავფონდიდან” და 2024 წელსაც.

შემდეგ გვკითხა, რომელ ცენტრთან დაკავშირებით ვურეკავდით, როცა მისი ორგანიზაციის სახელი  Fides et Spes ვუხსენეთ (რწმენა და იმედი), გვიპასუხა: “არ მაქვს არც რწმენა და არც იმედი. ამ ორგანიზაციას ჰქვია სხვა სახელი”, – თუმცა რა სახელი, არ გვითხრა.

როცა “პრავფონდის” მიმოწერები ვუხსენეთ, გაღიზიანდა და ყვირილი დაგვიწყო:

“მომისმინეთ, არანაირ მიმოწერებს არ ვნახავ, თქვენ არც წყარო გაქვთ, არც იმის საშუალება გაქვთ, ეს გამორიცხულია და თუ თქვენ რაღაცას, ინფორმაციას ფლობთ და გგონიათ, რომ ეს არის რაღაცა სამართალდარღვევა ან რაღაცა, მიმართეთ პროკურატურას…”

შეხვედრაც შევთავაზეთ, მაგრამ აღარ დამირეკოთო და გაგვითიშა. ერთხელაც გადავურეკეთ, გვინდოდა გვეკითხა, ფიქრობდა თუ არა, რომ რასაც იღებდა, მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ფული იყო. ამაზე გვითხრა, ახლა რაღაც სისულელეებით მაწუხებთ და განცხადებას დავწერო.

მარინე ბაბუნაშვილი
მარინე ბაბუნაშვილი

რატომ გვაინტერესებს ბაბუნაშვილის საქმიანობა?

2022 წელს “პრავფონდს” ადამიანის უფლებათა დაცვის იურიდიული ცენტრები 19 ქვეყანაში ჰქონდა, მაგალითად, სომხეთში, ირლანდიაში, ესპანეთში, ყაზახეთში, ჩინეთში, მონღოლეთში, საფრანგეთში, ში, მოლდოვაში, სერბეთში. ამ ქვეყნებში, უმეტესად, თითო-თითო ასეთ ცენტრთან თანამშრომლობდა. მხოლოდ საქართველოში, ყირგიზეთსა და აფხაზეთში თანამშრომლობს ორ-ორ ცენტრთან.

თუ მომავალში ქართველები მტრულად განწყობილი რუსეთის გავლენასა და საინფორმაციო ოპერაციებს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხად ჩათვლიან, მაშინ უფრო სიღრმისეულად გამოსაძიებელი იქნება “პრავფონდის” დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობა. ისე, როგორც ეს ევროპის არაერთ ქვეყანაში გაკეთდა.

შვედეთის მაგალითი

გოთენბურგში მდებარე რუსულენოვან კერძო სკოლა “აზბუკა ლიცეუმისთვის” შვედეთის ხელისუფლებამ ლიცენზიის შეჩერება მოითხოვა. მიზეზი სკოლის დირექტორის “პრავფონდთან” კავშირები იყო. ის მონაწილეობდა ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში, ასევე ავრცელებდა ღია პრორუსულ პროპაგანდას საკუთარ სოციალურ ქსელებში და სკოლაში უკრაინის ომზე საუბარს კრძალავდა. გამოძიებით ასევე გაირკვა, რომ სკოლაში 2017 წელს დაიგეგმა სკოლის დირექტორის შეხვედრა რუსულ საგარეო დაზვერვის ოფიცერთან. საბოლოოდ, შვედეთის სკოლის ინსპექციამ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება დაიწყო, ხოლო განათლების მინისტრმა ლოტა ედჰოლმმა ასეთ შემთხვევას „სისტემური ხარვეზის ნიშანი“ უწოდა და განაცხადა, რომ სკოლები „ცოდნისა და განათლების ადგილები უნდა იყოს და არა ექსტრემიზმის და ინდოქტრინირების“. გოთენბურგის მერმა სკოლისთვის ლიცენზიის დაუყოვნებლივ გაუქმება მოითხოვა. შედეგად, გამოძიების საფუძველზე, ინსპექციამ „აზბუკა ლიცეუმს“ გარკვეული შეზღუდვები დაუწესა. ინსპექტორების შეფასებით, სკოლაში გამოვლენილი იყო რიგი დარღვევები, რომელთა გამოსწორებაც ადმინისტრაციას დაევალა.

ს მაგალითი

ხუთი თვის წინ OCCRP-მ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომლითაც გამოვლინდა “პრავფონდის” დაფინანსებული და ესტონეთში მოქმედი ადვოკატთა ქსელი. ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ამ საქმეზე გამოძიება დაიწყეს, რადგან უსაფრთხოების სამსახურები “პრავფონდს” რუსული დაზვერვის ნაწილად მიიჩნევს და ყველა მის კავშირს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება. გამოძიება, თავდაპირველად, ესტონეთის ადვოკატთა ასოციაციამ დაიწყო. საზედამხედველო განხილვა ორი ადვოკატის საქმეზე დაიწყო, რომლებმაც მიიღეს “პრავფონდიდან” დაფინანსება ესტონეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული რუსის დასაცავად. ორივე ადვოკატი ახლა ეჭვმიტანილია ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით დაფინანსების მიღებაში. გამოძიება ჯერაც მიმდინარეობს, თუმცა ადვოკატების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი გამოძიებაც დაწყებულია.

ვრცლად