აი ფაქტი: დიდთოვლობა იმერეთში- მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

გურიის შემდეგ დიდთოვლობამ არანაკლებ საგანგაშო სიტუაცია შექმნა იმერეთის მაღალმთიან სოფლებშიც. მოვიკითხეთ ოთხი მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფლის მდგომარეობა. ვინც ხმა მოგვაწვდინა, მათი მონაყოლით ირკვევა, რომ თოვლის საფარი 1.5 მეტრს აღწევს, სავალი გზები გაუწმენდავია. მოსახლეობა ჩაკეტილია, ეწურებათ პროდუქტი, არ აქვთ შუქი, გაზი და წყალი.

ვანი

გაზი არ მიეწოდება ვანის ხუთ მთიან სოფელს: სალხინოს, მთისძირს, ყუმურს, ძულუხს, სულორს.

“ბებო მყავს ჩაწოლილი, ბაბუა ეტლში ზის, გთხოვთ, ვინმე მივიდეს სახლში ჩემთან დახედოს, უბრალოდ, ღუმელი აუნთოს. ასევე, მყავს 6 წლის ძაღლი, მშიერი მყავს მეორე დღეა. რამე საჭმელი რომ მისცეთ, პური ან რამე… თავისი საჭმელი ახლახან გაუთავდა. ტელეფონი დამჯდარი აქვს ბებიაჩემს”, – დახმარებას ითხოვს ნიკუშა ლორთქიფანიძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოდან.

25 თებერვალს სოფელ ზედავანში თოვლით დაფარული გზა მოსახლეობამ გუშინ საკუთარი ძალებით, ჯიპებით გაწმინდა. გვითხრეს, რომ დღეს თოვლის საფარმა იმატა და თავად ვეღარ გაუმკლავდებიან.

“გზებს არ წმენდენ, კი ვართ მიბუქულები. რო რამე, გვპასუხობენ, ‘ნაციონალებმა’ ტრაქტორი არ დაგვახვედრესო. რა შუაშია ამდენი წლის შემდეგ ‘ნაციონალები’, ან რაში გვაინტერესებს? უბრალოდ, მოგვაქციონ ყურადღება”,- მოგვწერეს ვანის ერთ-ერთი სოფლიდან, სახელის და გვარის გამხელის გარეშე.

ვესაუბრეთ ერთ-ერთ ადგილობრივს ვანის სოფელ ამაღლებაშიც, რომელიც უგზოობის გამო მაღაზიამდე ვერ გადის და სახლში მოგროვებული პროდუქტებიდან მხოლოდ ნახევარი პურიღა დარჩა. ამ სოფელში თოვლის მოსვლის შემდეგ არც ბუნებრივი აირი მიეწოდებათ, არც – დენი.

ვრცლად მასალა იხილეთ აი ფაქტი