აიღო, თუ არა, რიჟვაძემ, ახვლედიანის იარაღი? – რა (არ) ჩანს კადრებში?

თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გავრცელებული ვიდეოკადრები უხარისხოა და მათზე იარაღი არ იკვეთება, – ამის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნის, ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ისაუბრა.
მანამდე ყველა ოფიციალური წყარო ერთხმად ამტკიცებდა, რომ საგარეჯოში, რიჟვაძის სახლთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, როგორ გავიდა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ფანჩატურისკენ და როგორ აიღო ახვლედიანის მიტოვებული იარაღი.
ლალი აფციაური:
ნებისმიერ დროს შემიძლია მისი გასაჯაროება, უბრალოდ, ამ ეტაპზე არ ვთვლი საჭიროდ. კადრებზე იგივეა, რასაც ვსაუბრობდით. აღების კადრები არცერთ მომენტში არ ჩანს. უბრალოდ, რომ გამოდის ოთახიდან, თავისი საძინებელი ოთახიდან, შედის საძინებელში, იქ, სადაც ინახებოდა ახვლედიანის იარაღი. ეს არის ჩვეულებრივი ოთახი, გვერდით არის, იქვე და ცალკე კარი შედის. ამიტომ ჩანს, მისი შესვლა, გამოსვლა იმ ოთახიდან, მერე დაბრუნება.
ეს ეზოს კადრებია და ბუნდოვანი კადრებია. წუთი წუთზე ემთხვევა, რასაც ახვლედიანი ბრძანებს, რომ დაურეკა, გამოვიდა, შევიდა და რომ მარტო არიან და იქ სხვა არავინაა.
შეგახსენებთ, ლალი აფციაური, 8 ივლისს აცხადებდა:
„ჩვენი პოზიცია ასეთია, ვინაიდან, იარაღი ინახებოდა სპეციალურ ქეისში, დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში, ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია, არ ვიცი, მაგრამ მე რაც მაქვს ნანახი და შემდგომში ალბათ, თქვენთვისაც გახდება ცნობილი სურათების მეშვეობით, ეს არის იზოლირებული, ჩვეულებრივი შენობა, უბრალოდ, შემინულია და იკეტება მისი კარი. ქეისი ჰქონდა დატოვებული ამ ოთახში და ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ არის იქ კამერების ჩანაწერები და ალბათ გასაჯაროვდება და თქვენი თვალით ნახავთ. კამერები აქვს ამოღებული გამოძიებას, სადაც ყველაფერი ნათლად ჩანს ის, რასაც თქვენ გიყვებით. იარაღს ინახავდა სპეციალურ ქეისში, ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომელსაც ატარებდა თან და არ მგონია ახლა, რომ სპეციალური ქეისით ვიღაცა დადიოდეს ახლა სააბაზანოში. დატოვა დახურულ სივრცეში. არ მიიჩნევს, რომ დაუდევრად დატოვა, იმიტომ, რომ თავის საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დახურულ, ჩაკეტილ სივრცეში აქვს დატოვებული. აღარავინ არ იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში და ამას ნახავთ კამერებში. შეიძლება, იქ მანამდე იყვნენ სტუმრები, ეს მე არ ვიცი“
დღეს სასამართლოში ალექსი ახვლედიანის პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა გადაიდო. ადვოკატმა პროცესზე ახვლედიანის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა მიიტანა და თქვა, რომ ის შეუძლოდაა და პროცესზე ვერ მივიდოდა. აღნიშნული მოსამართლემ დააკმაყოფილა.
შემდეგ პროცესი 18 სექტემბერს ჩაინიშნა.
ალექსი ახვლედიანს გამოძიება ცეცხლასასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.