„აირჩიე ევროპა“ — პრეზიდენტი ახალი მოძრაობის დაფუძნებას დაესწრო

„აირჩიე ევროპა“ – დღეს, 11 ივლისს, ამ სახელწოდებით დაფუძნდა ახალი სამოქალაქო მოძრაობა, რომლის გაცხადებული მიზანია დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
მოძრაობის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო და თქვა, რომ ასეთი ინიციატივა „აუცილებელი იყო“.
„მგონი, უკვე დიდი ხანია ავირჩიეთ ევროპა. ევროპული ღირებულებები, პირველ რიგში, ქართული ღირებულებებია და ამიტომაც ესოდენ გვიადვილდება ევროპისკენ სვლა. სვლა ვახსენე, მაგრამ დღეს ეს გზა გაიყინა. ეს გზა ამ ხელისუფლებამ გაგვიყინა, გადაუხვია კონსტიტუციას და ამით უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი 100 დღე „ცოტაცაა და ბევრიც“ იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას.
„ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არ არის რაღაც საარჩევნო კამპანია, თორემ მე, როგორც პრეზიდენტი აქ არ ვიქნებოდი. ეს არის ქვეყნის ბედის არჩევანი, ეს არის ჩვენი მომავლის არჩევანი, ეს არის ნამდვილად რეფერენდუმი… საჭიროა, გავერთიანდეთ, შევასრულოთ ქარტია, რომელსაც ყველა პარტიამ მოაწერა ხელი, ან თუ არ მოაწერა, ამბობს, რომ ეთანხმება. არჩევნების შემდეგ ძალიან ცოტა დრო იქნება იმისთვის, რომ შევასრულოთ ის, რაც ქარტიაში წერია“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
„აირჩიე ევროპის“ დამფუძნებლები არიან: უსაფრთხოების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, თსუ-ის პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ექსპერტი გიორგი რუხაძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი და ბიზნესმენი ივა ჭყონია.
„აირჩიე ევროპა“ 18 ივლისიდან იწყებს რეგიონებში გასვლას და ამბობს, რომ 26 ოქტომბრამდე შეეცდება არჩევნებზე პროდასავლური ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას.
„კამპანიის სახელწოდება იქნება 100 დღე გამარჯვებამდე, რაშიც ჩართული იქნება საქართველოსა და მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველები“ – თქვა მოძრაობის თანადამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ პრეზენტაციაზე.
სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნების ცერემონიაზე დამსწრეებს მიმართეს რეჟისორმა მ, მუსიკოსმა ნიკოლოზ რაჭველმა, მხატვარმა გოგი-ალექსი მესხიშვილმა, ქორეოგრაფმა ნინო სუხიშვილმა, რეჟისორმა ლევან წულაძემ, მუსიკოსმა ნინო ქათამაძემ და სხვებმა.