სამოქალაქო მოძრაობა აირჩიე ევროპის იურისტი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა მოძრაობის დამფუძნებლების როგორც პირად, ასევე საბანკო ინფორმაციაზე წვდომა, რაზეც სასამართლომ მიიღო ბრძანება და ნება დართო ანტიკორუფციულს, ეს ინფორმაცია ბანკებიდან მიიღოს.
კახა კოჟორიძის თქმით, კანონის თანახმად, ანტიკორუფციულ ბიუროს იმ შემთხვევაში შეუძლია ჰქონდეს წვდომა ამა თუ იმ პირის ინფორმაციაზე, თუ ის არჩევნებში მონაწილეობს, მოძრაობა აირჩიე ევროპას კი არ გაუკეთებია განცხადება ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით.
იურისტის თქმით, საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
“ანტიკორუფციულმა ბიურომ მიმართა შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, აირჩიე ევროპის, ისევე როგორც ფიზიკური პირების, ამ ორგანიზაციის დამფუძნებლების პირადი ინფორმაცია, საბანკო ინფორმაცია, რომელიც კონსტიტუციით და კანონმდებლობით არის დაცული და არის კონფიდენციალური. აბსოლუტურად უკანონოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ბრძანება, რითაც ნება დაერთო ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ ეს ინფორმაცია მიიღოს ბანკებიდან.
ჩვენ დღეს შევიტანეთ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში და ეს საქმე გაიგზავნება სააპელაციო სასამართლოში და სააპელაციო სასამართლო იქნება საბოლოო ინსტანცია, რომელიც ამ საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
ჩვენ ვამბობთ იმას, რომ კანონი, რომელიც არეგულირებს ამ საკითხებს, მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას ამბობს მარტივ რაღაცას, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია წვდომა ჰქონდეს ანტიკორუფციულ ბიუროს ამა თუ იმ პირის ინფორმაციაზე, თუ ეს პირი არის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტი და ჩვენ ვსვამთ ძალიან მარტივ კითხვას, რომ ფიზიკური პირები – ნიკოლოზ შურღაია, ივა ჭყონია ან ორგანიზაცია აირჩიე ევროპა, არიან გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები?
ამ კითხვაზე პასუხი არის თვითო კანონში, რომელიც ამბობს, რომ გაცხადებული საარჩევნო მიზანი იმ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს პირს, თუ მას აქვს გაცხადებული არჩევნებში მონაწილეობა და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა. არსად არასდროს აირჩიე ევროპას, ისევე როგორც ფიზიკურ პირებს, არ გაუკეთებიათ განცხადება ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით”, – თქვა მან.
მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ იწყებენ ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქის ფინანსური უსაფრთხოების დაცვისთვის.