აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება არასრულწლოვანის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმდა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში არასრულწლოვანის, 14 წლის აითაჯ შახმანოვას, მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება არასრულწლოვანის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საქმე, არსებითი განხილვის მიზნით, თელავის რაიონულ სასამართლოში გააგზავნა.
დაკავებულს მანამდე ბრალი წარდგენილი ჰქონდა რამდენიმე მუხლით: მათ შორის ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ გენდერული ნიშნით განზრახ მკვლელობის, არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გასულ თვეში, 6 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის შესახებ.
გამოძიების თანახმად, 14 წლის აითაჯი 27 წლის ასიმ ასლანოვმა იარაღით მოკლა. მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც გოგო არასასურველი “ქორწინებიდან” თავის დახსნას ცდილობდა. საქმეზე დაკავებული არიან მკვლელობაში ბრალდებული ასიმ ასლანოვი, მისი ბიძა და ბიძაშვილი და მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა – მათგან ასიმ ასლანოვის ბიძას და ბიძაშვილს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა კი ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არიან ბრალდებული.
საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირის ქორწინება. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. მხოლოდ ერთ წლის განმავლობაში, 2017 წლამდე, არსებობდა ასევე ჩანაწერი სამოქალაქო კოდექსში, რომ 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვებოდა მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. 2017 წლის პირველი იანვრიდან ეს მუხლი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ანუ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 18 წლამდე მოზარდი თავის სრულწლოვან პარტნიორთან მხოლოდ ფაქტობრივ თანაცხოვრებაში იმყოფება და არა ქორწინებაში.
ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში ითვლება მძიმე დანაშაულად და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე.