ირანის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანელ ხალხს ისრაელზე გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-საც ძლიერი სილა გაარტყა.
„გილოცავთ ყალბ სიონისტურ რეჟიმზე გამარჯვებას. სიონისტური რეჟიმი თითქმის დაიშალა და ისლამური რესპუბლიკის დარტყმების ქვეშ განადგურდა“, — განაცხადა ხამენეიმ თავის ვიდეომიმართვაში.
მეორე მილოცვა, მისი თქმით, უკავშირდება „ამერიკულ რეჟიმზე გამარჯვებას“.
„ამერიკული რეჟიმი ომში პირდაპირ ჩაერთო, რადგან იგრძნო, რომ თუ არ ჩაერთვებოდა, სიონისტური რეჟიმი მთლიანად განადგურდებოდა. მაგრამ ამ ომიდან მან ვერაფერი მიიღო. აქაც ისლამურმა რესპუბლიკამ გაიმარჯვა და სანაცვლოდ ამერიკას სახეში მძიმე დარტყმა მიაყენა“, — განაცხადა ხამენეიმ.
ხამენეის თქმით, ის ფაქტი, რომ ისლამურ რესპუბლიკას აქვს წვდომა რეგიონში აშშ-ის მთავარ ცენტრებზე და შეუძლია ზომების მიღება ნებისმიერ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია და ასეთი ქმედება შეიძლება, მომავალშიც განმეორდეს.
„აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: „ირანი უნდა დანებდეს“. ცხადია, ეს განცხადება ძალიან ხმამაღალია იმისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პირიდან ამოვიდეს. ჩვენი კულტურული და ცივილიზაციური სიმდიდრე ასჯერ აღემატება ამერიკის და ამერიკის მსგავს ქვეყნებისაც. ვინმესთვის ირანისგან დანებების მოლოდინი ერთ-ერთი იმ სისულელეთაგანია, რომელიც აუცილებლად გახდება დაცინვის წყარო ბრძენი და მცოდნე ადამიანებისთვის“, — განაცხადა ხამენეიმ.
ისრაელმა 13 ივნისს ირანში დაიწყო საჰაერო და სადაზვერვო ოპერაცია, სახელწოდებით Rising Lion, რომლის მიზანსაც ირანის ბირთვული და სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება წარმოადგენდა. საპასუხოდ ირანმა ასობით რაკეტა და დრონი გაუშვა ისრაელის მიმართულებით.
22 ივნისს კონფლიქტში ღიად ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატები და ირანის ბირთვული პროგრამის სამივე ობიექტი (ნატანზი, ფორდო, ისპაჰანი) დაბომბა. საპასუხოდ ირანმა იერიში მიიტანა კატარში მდებარე ამერიკულ საჰაერო ბაზაზე. აშშ-მა და კატარმა იერიშის მოგერიების შესახებ განაცხადეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს დილას „12-დღიანი ომის“ დასრულების შესახებ განაცხადა და თქვა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ზავი ძალაში შევიდა.
12-დღიან ომს ისრაელში 30 ადამიანი ემსხვერპლა, ირანში — 1000-მდე, მათ შორის ბირთვული პროგრამის მეცნიერები და სამხედრო ლიდერები.
პენტაგონის დაზვერვის ადრეული შეფასების თანახმად, ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებმა არ გაანადგურა ქვეყნის ბირთვული პროგრამა და, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე თვით დახია უკან.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა დღეს თქვა, რომ ეს იყო ხარვეზიანი „წინასწარი“ შეფასება და საინფორმაციო საშუალებებს ჰქონდათ „დღის წესრიგი“, დარტყმები ნაკლებად წარმატებული წარმოეჩინათ. მისი თქმით, ვაშინგტონმა ირანის ბირთვული პოტენციალი „გაანადგურა“.
