მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმური პროტესტი მოსმენილი და განხილული უნდა იყოს, აუცილებელია მტკიცე ზომების მიღება არეულობის მონაწილეებისა და მტერთან დაკავშირებული ელემენტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ხამენეიმ განაცხადა.
ირანის სულიერი ლიდერის მტკიცებით, არეულობის მონაწილეები ცდილობენ საზოგადოებრივი მოთხოვნების გამოყენებას არეულობისა და დაუცველობის შესაქმნელად.
აიათოლა ხამენეიმ განაცხადა, რომ ბაზარი და ვაჭრები ისლამური სისტემისა და ისლამური რევოლუციის ყველაზე ერთგულ სეგმენტებს შორის არიან და აღნიშნა, რომ ისლამურ რესპუბლიკასთან ბაზრის სახელით დაპირისპირება შეუძლებელია.
ირანის სულიერმა ლიდერმა ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის წინააღმდეგ ვაჭრების პროტესტი „საფუძვლიან შეშფოთებად“ შეაფასა და თქვა, რომ ვაჭრები სამართლიანად ამტკიცებენ, რომ ასეთ პირობებში მათ არ შეუძლიათ ბიზნესის წარმოება.
აიათოლა ხამენეიმ დასძინა, რომ ქვეყნის ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, აღიარებენ პრობლემას და ეძებენ გამოსავალს. ხამენეიმ განაცხადა, რომ მიუღებელია პროვოცირებული პირების ან მტრის დაქირავებული პირების ყოფნა, რომლებიც დგანან ვაჭრების უკან და სკანდირებენ ლოზუნგებს ისლამის, ირანისა და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ.
აიათოლა ხამენეიმ აღნიშნა, რომ „პროტესტი ლეგიტიმურია, მაგრამ პროტესტი განსხვავდება არეულობისგან“ და თქვა, რომ ოფიციალურმა პირებმა დიალოგი უნდა აწარმოონ მომიტინგეებთან, მაგრამ არეულობის მონაწილეებთან საუბარი უშედეგოა და მათთან გადამწყვეტი რეაგირება უნდა მოხდეს.
წყარო: 1tv.ge



