ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მწვავედ დაემუქრა და განაცხადა, რომ მას ხელისუფლებიდან „ჩამოაგდებენ“.
„ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“, – განაცხადა ხამენეიმ სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ მიმართვაში.
ხამენეის თქმით, ირანის ხელისუფლება ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზეც დათმობაზე არ წავა.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისლამური რესპუბლიკა ხელისუფლებაში ასობით ათასი პატიოსანი ადამიანის სისხლით მოვიდა და ის დივერსანტების წინაშე უკან არ დაიხევს“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
ირანის უზენაესმა ლიდერმა დემონსტრანტები აშშ-ის პრეზიდენტის ინტერესებში მოქმედებაში დაადანაშაულა.
„უნდათ, მას ასიამოვნონ. მან რომ ქვეყნის მართვა იცოდეს, საკუთარ ქვეყანას მართავდა“, – განაცხადა ხამენეიმ და დასძინა, რომ შეერთებულ შტატებში სერიოზული პრობლემებია.
„აშშ-ის პრეზიდენტის ხელები 1000-ზე მეტი ირანელის სისხლით არის შეღებილი“, – აღნიშნა მან.
ხამენეიმ თავის მხარდამჭერებს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
„ძვირფასო ახალგაზრდებო, შეინარჩუნეთ მზადყოფნა და ერთიანობა. გაერთიანებული ერი ნებისმიერ მტერს დაამარცხებს“, – განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა.
ირანში საპროტესტო აქციები უკვე დაახლოებით ორი კვირაა გრძელდება. პროტესტი ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებით დაიწყო და ქვეყნის 31-ვე პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში გავრცელდა. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი სააგენტო HRANA იუწყება, რომ აქციების დროს მინიმუმ 34 დემონსტრანტი და უსაფრთხოების ძალების 8 თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო 2 270 ადამიანი დააკავეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ისმის პროტესტანტების მოწოდებები აიათოლა ალი ხამენეის გადაყენებისა და ირანის გარდაცვლილი შაჰის შვილის, რეზა ფეჰლევის დაბრუნების მოთხოვნით.




