საქართველოს მთავრობამ ათობით ჰესის, ქარის და მზის ელექტროსადგურის პროექტის თაობაზე პირდაპირი კონტრაქტები შეწყვიტა – ამის შესახებ მთავრობის 13 ოქტომბრის განკარგულებიდან ხდება ცნობილი.
საუბარია საერთო ჯამში 1.7 გიგავატის მოცულობის ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებიც განვითარების ადრეულ (სადოკუმენტაციო) ეტაპზე იყო და მათზე სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის შესაბამისი მემორანდუმები გაფორმებული არ იყო. ამ პროექტებზე სახელმწიფო ხელშეკრულებების გაფორმებას პირდაპირი კონტრაქტის მექანიზმით გეგმავდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულება ენერგეტიკულ პროექტებზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ:
“გასული წლების განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო), კერძო ინიციატორების მხრიდან, ხდებოდა ენერგეტიკული პროექტების (ქარი, მზე, ჰიდრო) ინიციირება. 2025 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით, სამინისტროში წარმოდგენილი წინადადებებიდან ნაწილზე, კერძოდ, ჯამურად 1746.5 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების თაობაზე წარმოდგენილ წინადადებებთან დაკავშირებით, არ გაფორმებულა შესაბამისი ხელშეკრულება/მემორანდუმი.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პროექტებზე არ არსებობს მათზე გაფორმებული ხელშეკრულებები/მემორანდუმები, ხდებოდა მათი გათვალისწინება მომავალი წლების ენერგო ბალანსში, გათვალისწინებული იყო „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში“ და ასევე აღნიშნული პროექტების მიერ დაკავებული ტერიტორიები მიიჩნეოდა დაკავებულად.
აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადდა ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის 2025 წლის 1 ოქტომბრის N3717 მოხსენებითი ბარათი, რომლითაც დეპარტამენტმა შეწყვიტა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ჯამურად 1746,5 მგვტ. სიმძლავრის განცხადებების განხილვაზე.
ზემოაღნიშნული დადგმული სიმძლავრიდან 546 მეგავატი შეეხება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – N556 დადგენილება) ფარგლებში 2024 წლის 2 სექტემბერს გამოცხადებულ „პირდაპირი წესით შერჩევაში“ წარმოდგენილ წინადადებებს. დანარჩენი პროექტების განვითარება კერძო ინიციატორების მხრიდან იგეგმებოდა:
· საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის N515 დადგენილებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – N515 დადგენილება) შესაბამისად.
· საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის N403 დადგენილებით დამტკიცებული სქემისა (შემდგომში N403 დადგენილება) შესაბამისად.
· საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს N426 დადგენილებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – N426 დადგენილება) შესაბამისად.
