სლოვაკეთში ათიათასობით ადამიანი კიდევ ერთხელ შეიკრიბა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს წინააღმდეგ. ისინი აპროტესტებენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საგარეო კურსს, რომელიც რუსეთისკენ დაახლოებისკენ არის მიმართული.
აქციები გაიმართა სლოვაკეთის 20-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის ყველაზე მასშტაბური დედაქალაქ ბრატისლავაში. ადგილობრივი მედიასაშუალების Dennik N-ის ცნობით, დემონსტრაციებს 100 000 ადამიანი დაესწრო, მათ შორის დედაქალაქში 40 000-მდე.
გასული წლის დეკემბერში, ფიცო მოსკოვს ეწვია. მან 22 დეკემბერს მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ფიცო ერთ-ერთია იმ რამდენიმე ევროპელ ლიდერთაგან, რომლებთანაც პუტინი კავშირებს ინარჩუნებს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებდა, რომ ფიცო რუსეთში „სამუშაო ვიზიტით“ ჩავიდა. პესკოვის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა “საერთაშორისო ვითარებაზე” და, სავარაუდოდ, რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებაზეც.
მიხალ სიმეცკამ, „პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერმა, ფიცოს მოგზაურობა პუტინთან შესახვედრად შეაფასა, როგორც „სლოვაკეთის სირცხვილი და ეროვნული ინტერესების ღალატი“.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, 2022 წლის თებერვლიდან, დასავლელი პოლიტიკოსები, მით უმეტეს ქვეყნების ხელმძღვანელები, რუსეთს უკიდურესად იშვიათად სტუმრობენ. მოსკოვში ბოლო სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ მხოლოდ ნეიტრალური ავსტრიის კანცლერი და ფიცოს პოლიტიკური მოკავშირე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.