უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს მამუკა გაწერელიას დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
TASS წერს, რომ 22 წლის ქართველ მებრძოლს სამი რუსი ჯარისკაცის მკვლელობას ედავებიან. რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ გაწერელია უკრაინის არმიას 2022 წლის მარტში შეუერთდა და პირველი აპრილიდან მარიუპოლში იბრძოდა.
მამუკა გაწერელია მარიუპოლში „აზოვსტალის“ დაცვაში იღებდა მონაწილეობას. როგორც „ამერიკის ხმა“ წერდა, ის ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა, როცა მარიუპოლში, მტრის ალყაში მოქცეული, უკრაინის არმიის ქვედანაყოფები პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებას დაემორჩილნენ და „აზოვსტალი“ დატოვეს.
გამოცემას, ჯარისკაცის დედამ უთხრა, რომ 22 წლის მებრძოლი საქართველოს თავდაცვის ძალებში ირიცხებოდა, თუმცა 200 წლის დასაწყისში კონტრაქტი გაწყვიტა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და მარტში უკრაინაში მოხალისედ წავიდა:
„სწამდა რომ ეს იყო ბრძოლა საქართველოსთვის. შემდეგ, როცა მარიუპოლში ვითარება გართულდა, ასევე საკუთარი ინიციატივით შეუერთდა „აზოვსტალის“ დამცველებს. 8 დეკემბერს, ტყვეობაში 22 წლის გახდა“ – უთხრა მამუკას დედამ „ამერიკის ხმას“.