აზიურ სეგმენტს ქართული გასტრონომია არ აინტერესებს – გასტრონომიული კულტურის განვითარების ასოციაცია (bm.ge)

გასტრონომიული კულტურის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე თამარ სიხარულიძე აცხადებს, რომ სეზონიდან გამომდინარე, სექტორში მოძრაობა შეინიშნება, მაგრამ ამის თუნდაც გასული წლის მონაცემებთან შედარებაც არ შეიძლება. როგორც მან bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, გასტროტურიზმში კლებაზე ევროპული სეგმენტის შემცირებამ და აზიურის გაზრდამ იმოქმედა, ვინაიდან აზიელი ტურისტებისთვის ქართული გასტრონომია საინტერესო არაა.
„აზიურ სეგმენტს ქართული გასტრონომია არ აინტერესებს. აქ არის ინდური და ჩინური რესტორნები. მათ ჩამოსვლამდე აქვთ წინასწარ შეკვეთები. ასევე, მათ ჰყავთ თავიანთი შეფ-მზარეულებიც, რომლებიც მათთვის ამზადებენ საკვებს. ამ სეგმენტიდან იმ ტურისტების წილი ძალიან ცოტაა, რომლებსაც ქართული გასტრონომია აინტერესებთ“, – განაცხადა თამარ სიხარულიძემ.
მისივე თქმით, დაბალია მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობაც, რაც საბოლოოდ, სექტორზე ნეგატიურად აისახება.
„ეს სეგმენტი მცირეა. გარდა ამისა, ამას ემატება პროდუქტებზე გაზრდილი ფასებიც, რაც მომსახურებაშიც ზრდის ფასებს, და სექტორზე ესეც ძალიან მოქმედებს“, – დასძინა მან.
ცნობისთვის, დაახლოებით ბოლო ერთი წელია „ოცნების“ მთავრობა აზიური ტურისტული ბაზრების გააქტიურებას ცდილობს. სექტორის წარმომადგენლების თქმით კი, ევროპელი ტურისტების რაოდენობა შემცირდა. 2025 წლის I კვარტალში იანვარ-მარტში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდ ბრიტანეთიდან ქვეყანამ სულ 103.2 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლის ჭრილში 4.8%-იანი კლებაა. შესაბამისად, ევროკავშირის წილი მთლიან შემოსავალში 12.5%-ით განისაზღვრა.
იანვარ-მარტში საქართველოს EU-დან ტურისტული შემოსავალი 5%-ით შეუმცირდა