„აზიის განვითარების ბანკი“ სასურსათო უზრუნველყოფის დაფინანსებას 26 მილიარდი დოლარით ზრდის

„აზიის განვითარების ბანკი“ (ADB) აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის სასურსათო უზრუნველყოფის ფინანსურ მხარდაჭერას 26 მილიარდი დოლარით ზრდის, – ამის შესახებ ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ მილანში რიგით 58-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.
აღნიშნული თანხიდან 18.5 მილიარდი დოლარი წევრი სახელმწიფოების მთავრობებისთვის იქნება გამოყოფილი, დარჩენილი 7.5 მილიარდი კი კერძო სექტორისთვის.
ინფორმაციისთვის, 2022-2025 წლებში სასურსათო უზრუნველყოფისთვის ADB-ის გამოყოფილი გქონდა 14 მილიარდი დოლარი. დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის შედეგად 2022-2030 წლებში სასურსათო უზრუნველყოფისთვის მიმართული იქნება ჯამურად 40 მილიარდი დოლარი.
„უპრეცედენტო გვალვები, წყალდიდობები, ექსტრემალური სიცხე და შემცირებული ბუნებრივი რესურსები ხელისშემშლელ პირობებს ქმნის სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის და საფრთხეს უქმნის სასურსათო უზრუნველყოფასა და სოფლის მეურნეობაში ჩაბმული მოსახლეობის შემოსავლებს“, – განაცხადა მასატო კანდამ.
სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამა მოიცავს სურსათის წარმოების სრულ პროცესს: მოყვანასა და გადამუშავებიდან, დისტრიბუციასა და მოხმარებამდე. პროგრამის მიზანია მთავრობებისა და კომპანიების ფინანსური და სტრატეგიული მხარდაჭერით, დაეხმაროს აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონს მრავალფეროვანი და მაღალი კვებითი ღირებულების მქონე სურსათის წარმოებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, გარემოზე ზემოქმედების შემცირებასა და მდგრადი აგრარული მომარაგების ჯაჭვების ხელშეწყობაში.
შეხვედრებზე იმყოფებიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მისი მოადგილეები.