აზიის განვითარების ბანკი – ევროკავშირის ნახშირბადის ტარიფი გლობალური ჩართულობის გარეშე ნაკლებად შედეგიანი იქნება

აზიის განვითარების ბანკის (ADB) კვლევის მიხედვით, ნახშირბადის გამომყოფ პროდუქტებზე ევროკავშირის იმპორტის გადასახადი, სავარაუდოდ ნაკლებად შედეგიანი იქნება კლიმატის ცვლილებაზე და მხოლოდ მცირედ ნეგატიურ გავლენას მოახდენს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკებზე.
ამასთან, როგორც აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ევროკავშირის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმი (CBAM), რომლის ძალაში შესვლა 2026 წლისათვის იგეგმება, იმპორტის გადასახადს დაუწესებს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ლითონი, ცემენტი და ელექტროენერგია, მათი წარმოების პროცესში გაფრქვეული CO2-ის რაოდენობის მიხედვით.
„გადასახადის მიზანია „ნახშირბადის გაჟონვის“ შემცირება, რაც შედეგად მოჰყვება გარემოს დამბინძურებლების წარმოების გადატანას მკაცრი რეგულაციების ან ნახშირბადზე მაღალი გადასახადების მქონე ქვეყნებიდან ნაკლებად მკაცრი რეგულაციებისა და დაბალი გადასახადების მქონე ქვეყნებში.
სტატისტიკური მოდელირება აჩვენებს, რომ CBAM ნახშირბადის მსოფლიო ემისიას სავარაუდოდ 0.2%-ზე ნაკლებით შეამცირებს იმ მოცემულობებთან შედარებით, როცა ნახშირბადის ტარიფი არ არსებობის და ემისიებით ვაჭრობა ერთ მეტრ ტონა ნახშირბადზე 100 ევროს (108 დოლარი) შეადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე თქმით, გადასახადებმა შესაძლოა შეამციროს ევროკავშირში ექსპორტი დაახლოებით 0.4%-ით, ხოლო აზიიდან ევროკავშირში ექსპორტი 1.1%-ით, რაც ასევე ნეგატიურად აისახება ევროკავშირის ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქტიულობაზე.
“ნახშირბადის სატარიფო ინიციატივების მათ შორის CBAM-ის ფრაგმენტულობა დარგებისა და რეგიონების მიხედვით, მხოლოდ ნაწილობრივ შეზღუდავს ნახშირბადის გაჟონვა. მსოფლიოში ნახშირბადის ემისია მნიშვნელოვნად რომ შემცირდეს და კლიმატის ცვლილებისკენ გადადგმული ნაბიჯებიც ეფექტიანი და მდგრადი იყოს, ნახშირბადის სატარიფო ინიციატივები ევროკავშირის მიღმა, სხვა რეგიონებშიც უნდა გავრცელდეს, განსაკუთრებით აზიაში,“ – განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აზიის ქვერეგიონები, რომლებზეც ნახშირბადის მაღალი გაფრქვევით წარმოებული პროდუქციის ევროკავშირში იმპორტის დიდი წილი მოდის, კონკრეტულად კი ცენტრალური და დასავლეთი აზია, მეტად დაზარალდებიან CBAM-თა და ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემით.
„მოსალოდნელი სადისტრიბუციო ზემოქმედების გათვალისწინებით, განსაკუთრებით აზიის ეკონომიკებზე, რიგიანი წახალისების მექანიზმებია საჭირო ნახშირბადის ფასდადების ფართო გავრცელების წასახალისებლად,“- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები საერთაშორისო ვაჭრობისა და გლობალური ღირებულებათა ჯაჭვების დეკარბონიზაციის მიზნით. ამ წყაროებიდან გაფრქვეული ნახშირბადი ყველა სხვა წყაროებთან შედარებით სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით აზიაში. სხვა რეკომენდაციებთან ერთადაა მიზნობრივი სტრატეგიების დანერგვა, რომელიც კლიმატ მეგობრული პროდუქციისა და მომსახურებების დანერგვას შეუწყობს ხელს; ასევე გარემოსდაცვითი რეგულაციებისა და სტანდარტების ხელშეწყობა და მთავრობებისა და საერთაშორისო ინსტიტუციების მხარდაჭერა მწვანე ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების განხორციელებაში. ანგარიში ასევე მოუწოდებს გლობალური თანამშრომლობისკენ ყველასათვის მისაღები პასუხისმგებლობის მექანიზმების შესაქმნელად, რაც შედეგიანად აღრიცხავს ნახშირბადის გაფრქვევის რისკებს წარმოებასა და სერვისებში.
სხვა მთავარ მიგნებებთან ერთად, AEIR 2024 აჩვენებს, რომ გლობალური ფრაგმენტულობის რისკების მიუხედავად, აზიაში გლობალური ღირებულებათა ჯაჭვი კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ აღდგა. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ღირებულებათა ჯაჭვების რეგიონალიზაცია განვითარდა, ანგარიში ვერ ხედავს წინაპირობას, რომ სხვა ქვეყნებში გადატანილი საწარმოები აზიასა თუ მსოფლიოში დაარსების ადგილებს დაუბრუნდება.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ