გიდი, ალექსანდრე გიორგაძე BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ტურიზმის სექტორში არსებული ტენდენციების მიმოხილვისას აცხადებს, რომ საქართველოს ტურიზმში კარგი არაფერი ხდება და სახელმწიფოს მხრიდან მოწოდებული ციფრები, რეალობასთან სრულ დისონანსში მოდის.
მისივე ცნობით, პოსტკოვიდურ პერიოდშიც კი სექტორს ნახევარი წელი დაგეგმილი ჰქონდა, თუმცა ახლა, ბაზარზე გაურკვევლობაა. ის ასევე დასძენს, რომ აზიის ბაზარზე გადასვლით, ქვეყანა მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული სეგმენტიდან ბიუჯეტურზე გადავიდა, რაც ქვეყნის შემოსავლებზეც მნიშვნელოვნად აისახა.
„სამწუხაროდ, საქართველოს ტურიზმში კარგი არაფერი ხდება. ციფრების სახით, რასაც სახელმწიფო გვთავაზობს, გვაქვს დიდი დისონანსი. პოსტკოვიდური წელი, რომელიც ძალიან მძიმე იყო, ამ დროს ნახევარი წელი მეტ-ნაკლებად მაინც დაგეგმილი მქონდა. ახლა, სამწუხაროდ ასე არ არის. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ბევრ გიდს, კომპანიას ფასების დაკლება უწევს, რომ რაღაცნაირად მაინც იმუშაოს. სასტუმროების ნაწილი დაიკეტა.
მე დიფერენციაციას არასოდეს ვაკეთებ, რადგან ყველა ბაზარი საინტერესოა, მაგრამ საქართველოს ბაზრის აზიაზე გადასვლით, კიდევ უფრო დაწია სეგმენტი. ჩვენ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული სეგმენტისკენ მივილტვოდით და წავედით უფრო ბიუჯეტურზე. აქედან გამომდინარე, მძიმე წელი გვექნება“, – ამბობს გიდი.
ალექსანდრე გიორგაძეს თქმით, სხვა წლებში გარკვეული კრიზისები არსებობდა, რასაც თავისი მიზეზებიც ჰქონდა, თუმცა არც ერთი წელი არ ყოფილა, როდესაც სექტორის მუშაობა გამოწვევა ყოფილიყოს. გიდი ამბობს, რომ ახლა, სექტორი გაურკვევლობაშია და დასძენს, რომ თუ ქვეყანაში დაძაბულობა არ დასრულდება, ამას ვერანაირი მარკეტინგი ვერ უშველის.
