“აზიელ ტურისტს საერთოდ არ აინტერესებს ქართული სამზარეულო” – ამის შესახებ “მეგრული სახლის” დამფუძნებელი ეკა ჯალაღონია “ქალების ნარატივის” ეთერში საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, აზიელი სტუმრები საქართველოში აზიურ გემოებს ეძებენ და ადგილობრივი კერძებით დაინტერესებული არ არიან.
“[აზიელები] უკვეთენ ისევ ჩვენი ქართული მენიუდან, მაგრამ ყველას ჩანთაში უდევს თავისი სანელებლები, რომელსაც ყველაფერს აყრიან და მიირთმევენ ისევ თავიანთი გემოთი, ვთვლი, რომ აზიელ სტუმრებს საერთოდ არ აინტერესებთ ქართული სამზარეულო”, – განაცხადა ეკა ჯალაღონიამ.
როგორც მან BMGTV-ის ეთერში აღნიშნა, პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში ევროპელი ტურისტების ნაკადები შემცირდა და ისინი სწორედ აზიიდან შემოსულმა სტუმრებმა ჩაანაცვლეს.
“ძალიან შემცირდნენ ევროპელი სტუმრები. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ტურისტულ კომპანიებთან და ის კომპანიები, რომელთაგანაც ჩვენთან სტუმრები მოდიოდნენ იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და ბევრი სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან, თითქმის აღარ არიან. ახლა აქტუალურია კორეა, ჩინეთი და ბევრი აზიური ქვეყანა – მათი ბიუჯეტიც ბევრად მწირია, ვიდრე ევროპიდან ჩამოსული სტუმრების. რა თქმა უნდა, პოსტსაბჭოთა კავშირის ტერიტორიებიდანაც გვყავს უამრავი სტუმარი: ყაზახეთი, უკრაინა და ა.შ.”, – განმარტა “მეგრული სახლის” დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, “მეგრული სახლი” ყველა ტურისტულ კომპანიასთან და ძალიან დიდ ჯგუფებთან არ თანამშრომლობს, – “მაქსიმუმ 25-30 სტუმარს ვიღებთ, “მეგრულ სახლს” არ აქვს უფრო მეტი სტუმრის მიღების შესაძლებლობა, ვინაიდან რესტორნის მეორე ნაწილს, ცარიელიც რომ იყოს, ყოველთვის ვტოვებ ქართველი სტუმრებისთვის. ეს არის ჩემთვის დაუწერელი კანონი…”, – დასძინა მან.
