აზერბაიჯანში “Toplum TV-ის” ექვსი ჟურნალისტი პატიმრობაში რჩება

ბაქოს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივრები ტელეკომპანია “Toplum-ის” ექვსი თანამშრომლისთვის, რომლებიც ოფიციალურად, ფულის კონტრაბანდის საქმეზე არიან ბრალდებულები.
6 მარტს აზერბაიჯანული მედიასაშუალება „Toplum Tv-ის“ 9 ჟურნალისტი დააკავეს. ასევე, დააკავეს პოლიტიკური აქტივისტებიც. დაკავებულთა შორის არიან „III რესპუბლიკის პლატფორმისა“ და მოძრაობა „Nida-ს“ წევრები. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტელეკომპანია „Toplum-ის“ ოფისში მყოფ პირთა „საქმიანობის შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ოპერატიული სამძებრო სამუშაოები დაიწყეს“. სამი დაკავებული აქტივისტი — აკიფ გურბანოვი, არაზ ალიევი და რუსლან იზეტლი — საზოგადოებრივი მოძრაობის „III რესპუბლიკის პლატფორმის“ წევრები არიან. პლატფორმა მხარს უჭერს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას და აზერბაიჯანის მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას. გაჩხრიკეს მოძრაობის ოფისიც. „Toplum TV“ პოზიციონირებს, როგორც დამოუკიდებელი ონლაინ რესურსი, რომელიც ძირითადად მუშაობს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციის შესახებ საკითხებზე. მედია ფუნქციონირებს 2016 წლიდან. ევროპის საბჭოს ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელშეწყობის პლატფორმის ანგარიშში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში მედიის წარმომადგენლებს მასობრივად ავიწროებენ უკანონოდ.
“კავკაზსკი უზელი” წერს, რომ ადვოკატის თქმით, ჟურნალისტი ალი ზეინალოვი 10 ოქტომბერს, სასამართლო სხდომისას, არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა – ის სხდომას დიდხანს ხელბორკილებით ელოდებოდა.
ადვოკატის თქმით, ზეინალოვმა მის მიმართ ეს დამოკიდებულება მიიჩნია შურისძიებად 3 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ნათქვამი სიტყვებისთვის, როდესაც მას პატიმრობა გაუხანგრძლივეს.
“ალი მიიჩნევს, რომ ამ გზით გადაწყვიტეს მისი დასჯა სასამართლოში 3 ოქტომბერს გამოსვლისთვის. შემდეგ მან თქვა, რომ მისი დაკავება პოლიტიკური ხასიათის იყო და ეს გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ იყო სანქცირებული. სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი კომენტარი ზეინალოვის მიმართ არასათანადო მოპყრობის და არგუმენტები მისი დაკავების უსაფუძვლობის შესახებ”, – განაცხადა ადვოკატმა.
“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ზეინალოვის საჩივარი.
ასევე 10 ოქტომბერს, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი ტელეკომპანია “Toplum-ის” საქმეზე კიდევ ხუთი ბრალდებულის – აკიფ გურბანოვის, რამილ ბაბაევის, რუსლან იზეტლის, ილკინ ამრახოვისა და მუშფიგ ჯაბაროვის პატიმრობის გაგრძელების შესახებ. ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატებმა განაცხადეს.
“კავკაზსკი უზელის” ცნობით, მისმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ გასაჩივრდა “Toplum TV-ის” დამფუძნებლის, ალასკერ მამედლის დაკავების ვადის გახანგრძლივებაც, თუმცა საჩივრის განხილვა ჯერ არ დანიშნულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბუდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა

კახა კალაძე – სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, ხელების გადაგრეხვის შემთხვევა იყო, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს