აზერბაიჯანში წამყვანი სახელმწიფო კომპანიების, მათ შორის SOCAR-ის აქციების გაყიდვა იგეგმება

აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს ქონებრივი საკითხთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის მეთინ ეინულაევის განცხადებით, 2024 წლის განმავლობაში მომზადდება წინადადებები მსხვილ სახელმწიფო კომპანიებში სახელმწიფო წილების ნაწილის კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის შესახებ,
აღნიშნულ კომპანიებს შორის არიან SOCAR, AzerGold CJSC, ASCO-ს, BakTelecom, AzTelekom, და ბანკი ABB. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
„ჩვენ ვამზადებთ წინადადებებს ყველა სახელმწიფო საწარმოსთვის. წინადადებების მომზადება 9 თვეში უნდა დასრულდეს. საუბარია აქციების ბლოკების გაყიდვაზე და არა პირდაპირ პრივატიზაციაზე,“- განაცხადა ეინულაევმა.
მისი თქმით, კორპორატიზაციამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სოკარის ისეთ სტრუქტურებზე, როგორიცაა Azerkhimiya წარმოების ასოციაცია, ეთილენისა და პროპილენის, მეთანოლისა მწარმოებელი საწარმოები.
„ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ საწარმოო ასოციაციების და სააქციო საზოგადოებების წილების შესყიდვაში, რომლებშიც 100 პროცენტი ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაშია. სახელმწიფო წილები შემცირდება. მიმდინარეობს მუშაობა.“, – აღნიშნა ეინულაევმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა დაინტერესებულია უცხოელი ინვესტორების მოზიდვით პრივატიზების პროცესში, მაგრამ მათთვის რჩება შეზღუდვები მიწაზე (გარდა იჯარის) უფლებებთან დაკავშირებით.