აზერბაიჯანის სასამართლომ ისმაილ ჰასანოვს სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქვეყნის გარეთ შეიარაღებულ დაჯგუფებებში მონაწილეობისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 279.1 მუხლი). ამის შესახებ გამოცემა Oxu იტყობინება.
აზერბაიჯანულმა მედიამ ჰასანოვისა და რამილ ალიევის დაკავების შესახებ ინფორმაცია 2025 წლის 10 ივლისს გაავრცელა. Report-ის თანახმად, ისინი სხვადასხვა ქვეყანაში მონაწილეობდნენ „წვრთნასა და საბრძოლო ოპერაციებში“, ასევე „აზერბაიჯანის სხვა მოქალაქეებს უბიძგებდნენ ქვეყნის გარეთ მსგავსი ქმედებების ჩადენისკენ“.
ისმაილ ჰასანოვი თოვუზის რაიონიდანაა. რუსეთში მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. Oxu არ აკონკრეტებს, როდის და რა მუხლით გაასამართლეს ის. გამოცემის ცნობით, მან ორჯერ მიმართა რუსეთის ხელისუფლებას, რათა დარჩენილი სამ-ნახევარი წელი აზერბაიჯანში მოეხადა, თუმცა მისი მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
2022 წლის ნოემბერში კოლონია, სადაც ის იხდიდა სასჯელს, მოინახულა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა და პატიმრებს შესთავაზა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მიღება. პატიმრებს ექვსთვიანი სამსახურისთვის დაჰპირდნენ 91 000 რუბლზე მეტს, თავისუფლებას და რუსეთის მოქალაქეობას. ჰასანოვი დათანხმდა და იმავე წლის 25 ნოემბერს ის და სხვა მსჯავრდადებულები გადაიყვანეს დონის როსტოვში, სადაც მან კონტრაქტს მოაწერა ხელი, იუწყება გამოცემა.
შემდეგ ისმაილ ჰასანოვი ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“, სადაც სამხედრო წვრთნა გაიარა. ის ამტკიცებს, რომ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია; მისი მთავარი ამოცანა იყო ფრონტიდან დაღუპული და დაჭრილი რუსი სამხედროების ევაკუაცია. 2023 წლის 25 მაისს მას დაპირებული თანხა გადაუხადეს, გადასცეს მედალი და საპატიო სიგელი. გარდა ამისა მან რუსეთის მოქალაქეობაც მიიღო.
2025 წლის ოქტომბერში ევროპოლმა განაცხადა, რომ მათ ამოიცნეს კერძო სამხედრო კომპანიების, „ვაგნერისა“ და „რედუტის“, 650-ზე მეტი სავარაუდო მებრძოლი, რომელთა შორის იყვნენ აზერბაიჯანის მოქალაქეები. მანამდე, 2024 წლის სექტემბერში, ბაქო დაუკავშირდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩეჩნეთში აზერბაიჯანის სამი მოქალაქის: ნიჰად რზაევის, ელხან შირინოვისა და ვუგარ მაჰარამოვის დაკავების საკითხთან დაკავშირებით. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ისინი იძულებით გაგზავნეს უკრაინაში საბრძოლველად და მოითხოვდა, რომ რუსეთი გარკვეულიყო ვითარებაში და დაეცვა აზერბაიჯანელების უფლებები.
ფორუმი




