2025 წლის მაისში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აზერბაიჯანში წარმომადგენლობამ საქმიანობა ოფიციალურად დაასრულა — ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, UNFPA აზერბაიჯანში ბოლო 30 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამშრომლობდა როგორც სახელმწიფოსთან, ასევე სხვა პარტნიორებთან.
„UNFPA-სა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისისა და ცენტრალური შტაბის მეშვეობით“, — ნათქვამია განცხადებაში.
2025 წლის 2 მაისს ასევე შეწყვიტა მუშაობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობამ აზერბაიჯანში.
კიდევ უფრო ადრე, მარტის დასაწყისში, ადგილობრივ მედიაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, რამდენიმე გაეროს სტრუქტურამ დატოვოს ქვეყანა. პროსახელისუფლებო გამოცემა „Caliber.az“ იუწყებოდა, რომ თანამშრომლობის ფორმატთან დაკავშირებით გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP), ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისს (UNHCR), წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შესაბამისი გაფრთხილება მიეცათ.
მათ, წყაროს ცნობით, ნათქვამი ჰქონდათ, რომ საჭიროების შემთხვევაში აზერბაიჯანი უნდა დაეტოვებინათ და შესაბამისი გადაწყვეტილება მათ ოფიციალურადაც ეცნობა.
რამდენიმე დღეში ამის შემდეგ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში გაეროს განვითარების საკოორდინაციო ოფისის დირექტორთან, ქუი-ეოპ სონთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბაქო ხელახლა განიხილავს პრიორიტეტებს გაეროსთან თანამშრომლობის ფარგლებში — ახალი რეალობებისა და რესურსების უფრო ეფექტური გამოყენების გათვალისწინებით.
აზერბაიჯანი 1992 წლის 2 მარტიდან გაეროს წევრია.
