აზერბაიჯანში მოღვაწე დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილს, მღვდელ ტარიელ ფოლადაშვილსა და მრევლს რელიგიის სააგენტო შობა-ახალ წელს ულოცავს

რელიგიის სააგენტო აზერბაიჯანში მოღვაწე დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილს, მღვდელ ტარიელ ფოლადაშვილსა და მრევლს შობა-ახალ წელს ულოცავს.
მისალოცი წერილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაზა ვაშაყმაძის სახელით გამოქვეყნდა.
„კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმ. გიორგის, ალიბეგლოს წმ. ნინოსა და ქოთოქლოს ყოვლადწმინდა სამების ტაძრების წინამძღვარს, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილსა და მღვდელ ტარიელ ფოლადაშვილს.
მამა პეტრე, მამა ტარიელ, გულითადად გილოცავთ დამდეგ შობასა და ახალ 2026 წელს!
უფლის ხორციელად შობა უდიდესი სიხარულია თითოეული ქრისტიანისათვის. გამორჩეულად მნიშვნელოვანია ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრები მართლმადიდებელი ქართველებისთვის და თქვენთვის, სასულიერო პირებისთვის, რომლებიც იქაურ ქართველებს ეიმედებით. სასიხარულოა, რომ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და აზერბაიჯანის რელიგიის სახელმწიფო კომიტეტის შეთანხმებით, კახის რაიონში ორი ქართველი სასულიერო პირი ემსახურება ადგილობრივ მრევლს.
სახარებიდან ვიცით, აღმოსავლელმა მოგვებმა ბეთლემში შობილ მაცხოვარს თაყვანისცემის ნიშნად ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს. ჩვენ რაღას შევთავაზებთ ახლად შობილ ქრისტეს? ერთ საშობაო ლოცვაში ნათქვამია: „მიუძღვენით მას რწმენა ნაცვლად ოქროსა, სიყვარული კეთილსურნელოვანი ნელსაცხებლის მაგიერ და საქმენი კეთილნი საკმევლისა წილ, ანუ მიართვით მას ცხოვრება თქვენი“.
გისურვებთ რწმენის სიმტკიცეს, სულიერ მხნეობას, ქრისტესმიერ სიყვარულსა და მრავალი ღვთივ სათნო კეთილი საქმის აღსრულებას თქვენი მრევლის, დედა ეკლესიისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ!
განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქართველებს, რომლებიც სათუთად ინახავენ საუკუნეთა სიღრმიდან შემონახულ უნიკალურ ქართულ და ქრისტიანულ ტრადიციებს, დედა ენასა და ისტორიულად მრავალ განსაცდელგამოვლილ მართლმადიდებლურ რწმენას. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის დახურვის გამო ბოლო წლებში ბევრი ქართული ოჯახი გაყოფილია და მშობლიურ კერაში, ერთად ვერ ხვდებიან ახალ წელს, მჯერა, რომ თქვენს წინაშე არსებული გამოწვევები მოგვარდება და უფრო ხშირად ესტუმრებით საქართველოს.
ფეხბედნიერი ყოფილიყოს თქვენთვის ახალი, 2026 წელი, ბედნიერება, სიხარული და წინსვლა დაგებედოთ თქვენ და თქვენს ოჯახებს!
საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და პირადად ჩემი სახელით, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს მშობლიურ დიალექტზე:
გილოცავ ახალ წელ! მრავალს შეგახვედროთ ღმერთმა და კაი დღეევ მოგცეთ! წინა წელს რაც ვერ გააკეთით, ამ ახალ წელს გეგეკეთასყ! იღბლიან და წარმატევის მამტან წელ ყოფილიყოს!
ზაზა ვაშაყმაძე“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია – ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას

გივი მიქანაძე – საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება