მორიგი დიპლომატიური უთანხმოების ფონზე, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ გააუქმა ღონისძიებები, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობით იგეგმებოდა.
აზერბაიჯანულ მედიას სამინისტროში უთხრეს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი არის ქალაქ ეკატერინბურგში რუსული სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი უკანონო მკვლელობები “ეთნიკური ნიშნით”.
გაუქმდა კონცერტები, სპექტაკლები, ფესტივალები, გამოფენები და სხვა სახის კულტურული ღონისძიებები, რომელთა ორგანიზება რუსეთთან ერთად იგეგმებოდა.
ამას გარდა, გაუქმდა მილი მეჯლისის, ანუ აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი, რომელიც რუსეთში უნდა გამართულიყო.
აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მორიგი დიპლომატიური დაპირისპირება 28 ივნისს დაიწყო.
რუსული მედიები Ura.ru და E1.ru წერდნენ, რომ 27 ივნისს ეკატერინბურგში აზერბაიჯანის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ცნობების მიხედვით, დაკავებულები დაკავშირებული იყვნენ იუნის პაშაევის მკვლელობის საქმესთან, რაც 2001 წელს მოხდა. Ura.ru-ს ცნობით, რეიდების დროს მოკვდა ორი ადამიანი.
E1.ru-ს ინფორმაციით, მთავარი ეჭვმიტანილები, ძმები ჰუსეინ და ზიადდინ საფაროვები შეუძლოდ გახდნენ პოლიციის ვიზიტის შემდეგ. აზერბაიჯანული მედია Trend-ი წერდა, რომ ორივე ძმა მკვდარია.
აზერბაიჯანის მოქალაქეების წინააღმდეგ მოწყობილი რეიდების გამო ბაქოში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული და მას მომხდართან დაკავშირებით “კატეგორიული პროტესტი” გამოუცხადეს. ასევე უთხრეს, რომ რუსეთისგან საქმის “დაუყოვნებლივ გამოძიებასა” და დამნაშავეების “უმოკლეს დროში” დასჯას ელოდნენ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსულ მედიასთან საუბარში თქვეს, რომ ეკატერინბურგში გასულ წლებში მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით ღონისძიებები ჩატარდა და დააკავეს რამდენიმე ადამიანი. მათ არ დაუკონკრეტებიათ დაკავებულთა რიცხვი.
РБК-სთან საუბარში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დაკავებული აზერბაიჯანელები ფიგურირებდნენ 2001, 2010 და 2011 წელს მომხდარ მკვლელობებში.