„აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავი ფიზიკური და ტექნიკური გარე ჩარევის შედეგად ჩამოვარდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას ავიაკომპანია „აზალში” განუცხადეს.
პარალელურად, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი, რაშად ნაბიევი აცხადებს, რომ დაშავებული მგზავრების და გადარჩენილი ბორტგამცილებლების მონაყოლის თანახმად, გროზნოს თავზე აფეთქების ხმა გაიგეს.
„ერთ-ერთი ბორტგამცილებელი ხელის არეშიც კი დაშავდა. სოციალური ქსელებიდან და პრესაში გამოქვეყნებული კადრებიდანაც ჩანს, რომ ქალს ხელ-ფეხი დაუზიანდა. გარდა ამისა, თვითმფრინავის ფრთაზე ხვრელების კვალი ჩანს. თვითმფრინავის შიგნით დაზიანებულია ფიუზელაჟი. დაზარალებულებმა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, ასევე თქვეს, რომ გროზნოს თავზე აფეთქებების ხმა სამჯერ გაიგეს. მათივე თქმით, აფეთქებები გარედან მოხდა, შემდეგ კი თვითმფრინავს რაღაც შეეხო. გამოძიება დაადგენს, თუ რა სახის იარაღიდან იყო გარე ჩარევა. გარდა ამისა, თუ თვითმფრინავის ფრენის ტრაექტორიას დააკვირდებით, ირკვევა, რომ მან ფრენის მიმართულება აქთაუს მიმართულებით მახაჩყალზე აიღო. თვითმფრინავს აქ დაშვების უფლება მიეცა თუ არა, გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე გაირკვევა. გარდა ამისა, გამოძიება დაადგენს, რა მიზნით განახორციელა პილოტმა ავარიული დაშვება. GPS-ის გამორთვის საკითხი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი”, – განაცხადა რაშად ნაბიევმა.
„როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ გროზნოს აეროპორტში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის დაშვებისას უკრაინული დრონების თავდასხმის მცდელობა იყო.
კომპანიის ხელმძღვანელმა, დიმიტრი იადროვმა აქთაუს რეგიონში აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის ახალი დეტალები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, თვითმფრინავმა გროზნოს აეროპორტში დაშვება ვერ შეძლო „კოვერის” რეჟიმის გამო, რომელიც ითვალისწინებს ყველა თვითმფრინავის დაუყოვნებლივ გაფრენას მითითებული ტერიტორიიდან.
„როსავიაციაში” აცხადებენ, რომ აღნიშნული რეჟიმი შემოღებულ იქნა უკრაინელების მიერ გროზნოსა და ვლადიკავკაზში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების განხორციელების მცდელობის გამო. დიმიტრი იადროვის თქმით, ავიაკატასტროფის დღეს გროზნოს აეროპორტის მიდამოში რთული ვითარება იყო: აღინიშნებოდა ხშირი ნისლი და 500 მეტრის სიმაღლეზე ხილვადობა არ იყო.
„როსავიაციის” ხელმძღვანელის თქმით, ეკიპაჟის მეთაურმა ორჯერ სცადა თვითმფრინავის დაშვება, შემდეგ კი გადაწყვიტა გაფრენა აქთაუს აეროპორტში.
„აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ რუსეთის რამდენიმე ქალაქში ფრენები შეაჩერა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის ავიახაზები (AZAL), Embraer 190-ის ავიაკატასტროფის წინასწარი გამოძიების შედეგებისა და ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, 28 დეკემბრიდან აჩერებს ფრენებს ბაქოდან რუსეთის აეროპორტებში, საბოლოო გამოძიების დასრულებამდე.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ქალაქები სადაც „აზერბაიჯანული ავიახაზები” ფრენებს შეაჩერებს არის: მინვოდი, სოჭი, ვოლგოგრადი, უფა, სამარა, გროზნო, მაჰაჩყალა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ამ მიმართულებების ბილეთების მქონე მგზავრებს აქვთ ბილეთების სრული დაბრუნების ან უფასო გამოცვლის უფლება.
პარალელურად, ავიაკომპანია გააგრძელებს ფრენებს მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, ეკატერინბურგის, ასტრახანის, ყაზანისა და ნოვოსიბირსკის მიმართულებით.
ცნობისთვის, წინასწარი გამოძიებით, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა.
ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანი ჩეჩნეთისგან რაიმე სახის დახმარების მიღებას არ აპირებს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
მანამდე, ჩეჩნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რამზან კადიროვის მითითებით, ისინი მზად არიან, ფინანსური და სხვა სახის დახმარება გაუწიონ თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპულთა და დაშავებულთა ყველა ოჯახს, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა.
როგორც აზერბაიჯანულ მედიას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ქვეყანას დახმარება არ სჭირდება და არ მიიღებს.
„აზერბაიჯანს დახმარება არ სჭირდება. ასეთ დახმარებას არც სახელმწიფო მიიღებს და არც მოქალაქეები. ჩვენ ვუწევთ და გავაგრძელებთ საჭირო დახმარებას ჩვენს მოქალაქეებს. აზერბაიჯანი ფაქტის აღიარებას, ბოდიშის მოხდას და შესაბამისი კომპენსაციის გადახდას ითხოვს”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
თვითმფრინავის შავი ყუთი უკვე აღმოჩენილია და მიმდინარეობს პროცედურები მის გასაანალიზებლად საერთაშორისო საავიაციო კონვენციების შესაბამისად. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება კატასტროფის მიზეზებზე. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, საბოლოო დასკვნები გაკეთდება ყველა საჭირო კვლევისა და მონაცემთა ანალიზის დასრულების შემდეგ.