აზერბაიჯანული გამოცემის, Minval-ის ვებსაიტზე გამოქვეყნდა სტატიები, რომლებშიც რუსეთის ქალაქი კალინინგრადი მოხსენიებულია კენიგსბერგად. მაგალითად, ერთ-ერთ ახალი ამბის სათაურია: „რუსეთმა კენიგსბერგში С-400 და დარტყმითი სისტემები განალაგა“.
ასე უპასუხა აზერბაიჯანულმა გამოცემამ ТАСС-ის პუბლიკაციას ყარაბაღში, აზერბაიჯანის ქალაქ ჰანკენდიში მხატვარ ივან აივაზოვსკის ძეგლის აღების შესახებ. რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ სიუჟეტის ტექსტში გამოიყენა საბჭოთა ტოპონიმები: ყარაბაღის ნაცვლად მთიანი ყარაბაღი, ხოლო ჰანკენდის ნაცვლად სტეფანაკერტი.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოთქვა და ТАСС -ისგან ცვლილებების შეტანა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა მოითხოვა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო AZERTAC-მა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა შესაძლოა დაიწყოს რუსული ქალაქების ისტორიული ან თურქული სახელწოდებების გამოყენება — მაგალითად, კალინინგრადის ნაცვლად კენიგსბერგი, ორენბურგის ნაცვლად ორინბორი, ვოლგოგრადის ნაცვლად – სარისუ.
ბაქოს კრიტიკის შემდეგ, ТАСС-მა შეცვალა სათაური და „სტეფანაკერტი“ ჩაანაცვლა „მთიანი ყარაბაღით“. სააგენტომ მოგვიანებით დამატებითი ცვლილებები შეიტანა, სათაურში „ყარაბაღი“ და ტექსტში „ჰანკენდი“ მიუთითა.
1980-იანი წლების ბოლოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის გამო კონფლიქტი გამწვავდა. 1990-იანი წლების დასაწყისიდან რეგიონზე კონტროლი სომხური ძალების ხელში გადავიდა.
2020 წელს აზერბაიჯანმა ყარაბაღის ნაწილი 44-დღიანი ომის დროს გაათავისუფლა. 2023 წელს, ერთდღიანი ოპერაციის ფარგლებში ბაქომ რეგიონის მთელი ტერიტორია დაიბრუნა. სომხურმა მოსახლეობამ – 100 ათასზე მეტმა ადამიანმა – აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან დევნის შიშით საცხოვრებელი სახლები დატოვა. ბაქომ განაცხადა, რომ მოსახლეობას შეეძლო საკუთარ სახლებში დარჩენა და აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღება. ერევანმა ყარაბაღის მცხოვრებლების წასვლას ეთნიკური წმენდა უწოდა.
ივან აივაზოვსკის (დაბადების სახელით ჰოვანეს აივაზიანი) ძეგლი 2021 წელს დაიდგა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რუსი სამშვიდობო ძალები, რომლებიც ყარაბაღში 2020 წელს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იყვნენ განლაგებულნი. ბაქო აცხადებს, რომ ქანდაკება კანონის დარღვევით დაიდგა.
რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოიმ, მომხდარის გამო სინანული გამოთქვა. მისი თქმით, „ძეგლებთან ომი“ უნდა დასრულდეს. ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა კი, განაცხადა, რომ ნახევარკუნძულის ადმინისტრაცია მზადაა, აზერბაიჯანში აღებული ძეგლი თავის ტერიტორიაზე დადგას.
აივაზოვსკის ძეგლის დემონტაჟის შესახებ განცხადება ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე გაკეთდა, მას შემდეგ, რაც 27 ივლისს ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლები დააკავეს. რეიდის დროს ორი ადამიანი დაიღუპა. აზერბაიჯანული ექსპერტიზის თანახმად, სიკვდილი გამოიწვია დაკავების დროს მიღებულმა დაზიანებებმა.
პასუხად აზერბაიჯანში დააკავეს რუსეთის მოქალაქეები ნარკოტიკებით ვაჭრობისა და კიბერდანაშაულის ბრალდებით.
ფორუმი
