აზერბაიჯანმა პანდემიის გამო კარანტინის რეჟიმი გაახანგრძლივა – სახმელეთო საზღვრები კვლავ დაკეტილი რჩება

აზერბაიჯანის მთავრობამ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სპეციალური საკარანტინო რეჟიმი ისევ გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას Trend-ი ავრცელებს.
ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, სახმელეთო საზღვრები 2026 წლის 1-ლი იანვრის დილის 6:00 საათამდე კვლავ ჩაკეტილი დარჩება.
გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვმა მოაწერა ხელი. გაზაფხულზე მიღებული გადაწყვეტილებით, სპეციალურ საკარანტინო რეჟიმის ვადა მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრის დილის 6:00 საათზე იწურებოდა.
ცნობისათვის, აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვარი 2020 წლის გაზაფხულიდან, კოვიდპანდემიის გამო არის ჩაკეტილი. აზერბაიჯანში შესვლა ამჟამად მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს ქვეყნის დატოვება სახმელეთო გზითაც შეუძლიათ.