აზერბაიჯანმა თეირანში მდებარე საელჩოსა და თავრიზში არსებული გენერალური საკონსულოს თანამშრომლების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, დიპლომატიური პერსონალის გამოყვანის პროცესი უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, პერსონალის გაყვანის გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო.
“ეს ეხება როგორც თეირანში მდებარე საელჩოს, ისე თავრიზში არსებულ გენერალურ საკონსულოს. ამ მიმართულებით ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები და შესაბამისი დავალებები უკვე გაცემულია. მიმდინარე მოვლენების ფონზე ჩვენ ვერ დავაყენებთ რისკის ქვეშ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს. დრონებით განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით ველოდებით ირანული მხარის გამოძიების შედეგებს მის საფუძველზე მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები”, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
5 მარტს დილას აზერბაიჯანულმა მედიამ დაწერა, რომ ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით იერიში მიიტანა – ირანული დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც, მათ შორის ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.
ამასთან, საგარეო უწყებამ თქვა, რომ ეს თავდასხმა “ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას”.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების თანახმად, “აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები”.
ირანმა იერიში უარყო და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ირანი “მეზობელ ქვეყნებს არ უმიზნებს”.




