აზერბაიჯანი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად ყაზახეთში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს

აზერბაიჯანი ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან და უზბეკეთთან ერთად სამხედრო წვრთნებ Бiрлестiк-2024-ში მონაწილეობს. სწავლება ყაზახეთში, 8-დან 17 ივლისამდე იმართება.
როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სამხედრო სწავლებაში მონაწილეობენ მათი სახმელეთო ძალები, მედესანტე-პარაშუტისტები და სამძებრო-სამაშველო სამსახურები, ასევე Су-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები და სამხედრო საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდები.
წვრთნები ოიმაშას პოლიგონზე, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე თოყმაყის კონცხიდან 2 კილომეტრში იმართება. ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან წვრთნებში მხოლოდ თურქმენეთი არ მონაწილეობს. ყაზახეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის, დაურენ მანაპის თქმით, სამხედრო წვრთნების სცენარები ეფუძნება თანამედროვე შეიარაღებული კონფლიქტების გამოცდილებას.
როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური წერს, ექსპერტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ფაქტზე, რომ წვრთნებში აზერბაიჯანიც მონაწილეობს. როგორც გამოცემა წერს, ამ სწავლებამ მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. მათივე ცნობით, რუსული გამოცემები წერდნენ, რომ და ირანი კასპიის ზღვაში ჩატარებულ ვარჯიშებზე დამკვირვებლების სახით მაინც უნდა მოეწვიათ, თუმცა ეს არ მოხდა.
ამის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანმა მონაწილეობა მიიღო ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებშიც, რომლებიც 3 ივლისს გაიმართა. ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ ჩატარებულ პარადს დაესწრო აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი. ამ აღლუმში მონაწილეობა აზერბაიჯანელმა სამხედროებაც მიიღეს, ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყნის არმიის მხარდამხარ.
აზერბაიჯანის ბელარუსის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაში მონაწილეობას წინ უძღოდა დიპლომატიური დაძაბულობა მინსკსა და ერევანს შორის. აქამდე სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გააკრიტიკა ლუკაშენკოს სიტყვები, რომლებშიც ჩანდა, რომ 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის დროს ბელარუსი მხარს აზერბაიჯანს უჭერდა. ცნობისთვის, ბელარუსიც და სომხეთიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრები არიან. ეს ორგანიზაცია აზერბაიჯანმა წლების წინ დატოვა.