საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
Gallup-ის უახლესი კვლევა და თანდართული რუკა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის გეოპოლიტიკურ რღვევას მკაფიოდ აჩვენებს: ლურჯი ფერით აღნიშნულია ის ქვეყნები, სადაც უკრაინის ლიდერის მხარდაჭერა 10 ან მეტი პროცენტით აღემატება რუსეთისას. მწვანე ფერი აღნიშნავს ტერიტორიებს, სადაც რუსეთი ლიდერობს. ხოლო ნაცრისფერი ეს არის გადაუწყვეტელი, ანუ “No Strong Lead” ზონა, სადაც მკვეთრი უპირატესობა არცერთ მხარეს არ აქვს და საზოგადოება ორადაა გაყოფილი. ბალტიისპირეთი, ჩეხეთი და პოლონეთი, ერები, რომლებმაც საკუთარ ტყავზე იწვნიეს რუსული იმპერიალიზმის სიმძიმე, ურყევად დგანან კიევის გვერდით და მხარდაჭერის მყარ კედელს ქმნიან. ამის საპირისპიროდ, ცენტრალური აზია მოსკოვის ორბიტაზე რჩება. სამხრეთ კავკასიაში რთული სურათია: აზერბაიჯანი უკრაინისკენ იხრება, სომხეთი კი რუსეთს ამჯობინებს. თუმცა საინტერესოა ისიც, რომ აზერბაიჯანში პუტინის მხარდაჭერაც არაა დაბალი და 20%-ს გამოხატავს. ცალკე უნდა აღინიშნოს მწვანედ შეფერილი სერბეთი – მათი პოზიცია პირდაპირ კავშირშია კოსოვოს საკითხთან, სწორედ ამიტომ ინარჩუნებენ ისინი მოსკოვთან პოლიტიკურ სიახლოვეს. თავად კოსოვოელი ალბანელები და უშუალოდ სახელმწიფო ალბანეთი პრო-უკრაინულ პოზიციაზე არიან. ხორვატიაც – ესეც მოსალოდნელი იყო. ახლა დავაკვირდეთ ნაცრისფერ ზონას. უშუალოდ კვლევას თუ ვმახავთ, რუმინეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და საბერძნეთში უკრაინის ხელისუფლების მხარდაჭერა დაახლოებით 5%-ით აღემატება რუსეთისას, მაგრამ მაინც არაა გამოკვეთილი. რატომ ყოყმანობენ ეს ქვეყნები? ეს არ არის შემთხვევითობა. სწორედ ეს დემოგრაფიაა მოსკოვის საინფორმაციო ომის მთავარი ფრონტის ხაზი. რუსული პროპაგანდის მანქანა აქ დაუღალავად მუშაობს უკრაინის გასაშავებლად, მიზანმიმართულად იყენებს ისტორიულ წყენებს (იგივე 1919 წლის ტრიანონის ზავზე, რასაც დიდი უნგრეთის გაქრობა მოჰყვა), ეთნიკურ უმცირესობებს (მოლდოვასა და რუმინეთში) ეკონომიკურ შიშებსა და პოლიტიკურ პოლარიზაციას. სლოვაკეთსა და უნგრეთში ეს დაყოფა მკვეთრად გადის შიდაპოლიტიკურ და პარტიულ ხაზებზე. თუმცა, აღსანიშნავია ის ტენდენციაც, რომ უნგრეთში საზოგადოების დამოკიდებულება თანდათან იცვლება და რუსეთის მიმართ განსაკუთრებით ნეგატიური ხდება. დეზინფორმაცია მუშაობს იმაზე, რომ მსხვერპლი წარმოაჩინოს პროვოკატორად, ხოლო მტერთან დათმობა გაყიდოს როგორც “პრაგმატული” აუცილებლობა. როდესაც საზოგადოება ღია იმპერიალიზმის დაგმობას ერიდება, ეს ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურმა ომმა ფესვები უკვე გაიდგა. ამ რთულ ფონზე, საქართველოს მონაცემები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გამოკითხულთა მხოლოდ 6% იწონებს კრემლს (მე თუ მკითხავთ, ესეც მაღალია). 26% კი კიევის მხარესაა. ის, რომ უკრაინის ხელმძღვანელობის მიმართ მხარდაჭერა შედარებით ფრთხილი ჩანს, გამოწვეულია იმით, რომ საზოგადოების ნაწილს უბრალოდ ვერ გაურკვევია, რამდენად უნდა გამოხატოს ღია მხარდაჭერა კიევისადმი, მაშინ, როდესაც ოფიციალური თბილისის პოზიცია არცთუ მეგობრულია. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, სინამდვილეში, პრორუსული ძალები საქართველოში მხოლოდ ხმაურიანი უმცირესობაა. ისინი საკუთარ პოზიციას ხელოვნურად, ტროლ-ბოტების მეშვეობით აძლიერებენ, ხოლო ხელისუფლების დუმილის და ხანდახან ანტიუკრაინული პოზიციების პირობებში, მათი მასშტაბი იმაზე დიდი და გავლენიანი ჩანს, ვიდრე რეალობაშია. ქართველი ხალხის გეოპოლიტიკური ინსტინქტი და ისტორიული მეხსიერება ადვილად ვერ შეიცვლება. შეიძლება ფაქტი დამალო, მაგრამ შეგრძნების დონეს ადვილად ვერ გააქრობ. ამიტომაა ასე გაშლილი საქართველოს წინააღმდეგ რუსული პროპაგანდა. მახსოვს ასე 2000-ან წლების მეორე ნახევარში მანკიერი რუსი პროპაგანდისტი ისტორიკოსი ამბობდა (მისი სახელი არ მახსოვს), ჩინეთის გარდა, სახელმწიფოებრივი ტრადიციებითა ამბიციებით ჩვენს სამეზობლოში საქართველო და პოლონეთი ყველაზე საშიშია და სწორედ მათი დაჩოქებაა უპირველესიო. რეალურად კი, ჩვენ ზუსტად ვიცით რუსული ოკუპაციის ფასი. ქართველი ერი მტკიცედ დგას უკრაინელების გვერდით, რადგან დღეს გადარჩენა საერთო მტრის დამარცხებაზე გადის. საქართველოს ადგილი თავისუფალ სამყაროშია და არა რუსეთის უკანა ეზოში.




