აზერბაიჯანი სომხეთს საბოლოოს სამშვიდობო ზავის მიღებამდე შუალედური შეთანხმების მიღებას სთავაზობს. აზერბაიჯანის მაღალი თანამდებობის პირის ცნობით, სანამ მხარეები უფრო ფართო შეთანხმების დეტალების შესახებ მოლაპარაკებებს აგრძელებენ მათ სომხეთის წარმომადგენლებს შესთავაზეს დოკუმენტი, რომელიც მოიცავს სამშვიდობო ზავის საბაზისო პრინციპებს.
როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის წარმომადგენლები ბოლო თვეების მანძილზე მკაფიოდ ამბობენ, რომ მათ სამშვიდობო შეთანხმების მიღება და კონფლიქტის დასრულება სურთ.
20 ივლისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის 80-90% მზადაა, თუმცა მასზე ხელმოწერა შეუძლებელია იქამდე, სანამ სომხეთი კონსტიტუციიდან ამოიღებს ბუნდოვან ტექსტს ყარაბაღის დამოუკიდებლობის შესახებ, ამაზე კი სომხეთის წარმომადგენლები უარს ამბობენ. ალიევის საგარეო პოლიტიკის მრჩევლის, ჰიკმეთ ჰაჯიევის თქმით, წარდგენილი შუალედური შეთანხმება საბაზისო ზომებს მოიცავს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და მეზობლური ურთიერთობა. ჯაჰიევი ამბობს, რომ ამ შეთანხმებას ხელი ნოემბრამდე, COP29-ის კლიმატის სამიტამდე უნდა მოეწეროს, რომელიც აზერბაიჯანში ჩატარდება.
2024 წლის ივნისში სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ახლოსაა დასასრულთან, თუმცა სომხეთი არ დათანხმდება აზერბაიჯანის მოთხოვნას კონსტიტუციის შეცვლაზე. ამის მიუხედავად, 5 ივლისს, სომხეთის კონსტიტუციის დღეს ფაშინიანმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ქვეყანას ახალი კონსტიტუცია სჭირდება, რომელიც იქნება ხალხის შექმნილი და მათი მიღებული.
2023 წლის შემოდგომაზე მთიანი ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ მხარეები სამშვიდობო ზავზე შეთანხმებას ცდილობენ. ბოლო თვეების მანძილზე დაიწყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესი, სომხეთი დათანხმდა აზერბაიჯანისთვის სადავო სოფლების გადაცემას.
