აზერბაიჯანი, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ გაერო-ს ჩარჩო-კონვენციის ხელმომწერ მხარეთა 29-ე კონფერენციას (COP29) მასპინძლობს, ნავთობისა და გაზის მომპოვებელი სახელმწიფოა, რომელიც რუსეთსა და ირანს შორის მდებარეობს.
აზერბაიჯანის სახელწოდება სპარსული „აზერ“-იდან, ანუ „წმინდა ცეცხლიდან“ მომდინარეობს და ზოროასტრისტულ ტაძრებს უკავშირდება, სადაც ცეცხლის ასანთებად მიწიდან ბუნებრივად ამოსულ გაზს ან ნედლ ნავთობს იყენებდნენ. მე-13 საუკუნის ბოლოს, ვენეციელი მოგზაური და მწერალი, მარკო პოლო, რომელიც კავკასიაში აბრეშუმის გზის გასწვრივ მოგზაურობდა, წერდა, რომ „ნავთობის შადრევანი“ დაინახა. დღეს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს მახლობლად მდებარე ზოროასტრულ ათეშგას ტაძარში გამუდმებით ანთია ცეცხლი, რომელიც ახლომდებარე საბადოდან მილით შემოყვანილი მეთანის წვის შედეგია. ადრე გაზი მიწის ნაპრალებიდან ჟონავდა.
ეს ქვეყანა, ისტორიულად, ნავთობის მოპოვების ერთ-ერთი აკვანია: შეერთებულ შტატებში ნავთობის ბურღვა ჯერ დაწყებული არ იყო, როდესაც 1846 წელს ეს ბაქოს მახლობლად გაკეთდა. ალფრედ ნობელის ძმებმა, რობერტ და ლუდვიგ ნობელებმა პირველებმა ჩადეს ინვესტიცია აზერბაიჯანულ ნავთობში. 1876 წელს მათ გადამამუშავებელი ქარხანა და ნავთობის საბადოები იყიდეს, შემდეგ კი დააარსეს იმდროინდელ მსოფლიოში უდიდესი ნავთობკომპანია „ბრანობელი“, რომელსაც 1920 წელს, როდესაც აზერბაიჯანი საბჭოთა კონტროლის ქვეშ მოექცა, ნაციონალიზაცია გაუკეთდა. დადგენილია, რომ 1900 წელს მსოფლიო ნავთობის მოპოვების ნახევარზე მეტი აფშერონის ნახევარკუნძულზე მოდიოდა, სადაც ბაქო მდებარეობს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკა, რომელიც დამოუკიდებელი 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა, თავისი შემოსავლის უმეტეს ნაწილს ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვით იღებს, რომელიც, ძირითადად, კასპიის ზღვის საბადოებში მოიპოვება. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ნახშირწყალბადები ქვეყნის ექსპორტის 90 პროცენტს, შემოსავლების ნახევარს და მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს. IEA აზერბაიჯანს ბუნებრივი გაზისა და ნავთობის ერთ-ერთ „დიდ“ მწარმოებლად და ექსპორტიორად ასახელებს: 2022 წელს ქვეყანამ აწარმოა 32,7 მილიონი ტონა ნავთობი და 35 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, საიდანაც ორ მესამედზე მეტი ექსპორტზე გავიდა. ამავე წლის მონაცემებით, აზერბაიჯანი ნავთობის 20 უმსხვილეს ექსპორტიორს შორისაა, გაზის ექსპორტით კი მე-12 ადგილზეა.
აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის (ACG) საბადოების ღრმაწყლოვანი კომპლექსი, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში, ბაქოდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში (62 მილი) აღმოაჩინეს, ქვეყნის ნავთობის მთავარი წყაროა. BP-ის 2024 წლის პირველი კვარტლის საოპერაციო მონაცემების მიხედვით, საბადოზე, რომელსაც ბრიტანული კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმი“ (BP) სახელმწიფო კომპანია „სოკართან“ ერთად მართავს, ნედლი ნავთობის ეროვნული წარმოების ნახევარზე მეტი მოდის.
მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ პიკს მიაღწია, ბუნებრივი აირის წარმოება უფრო სწრაფი ტემპით იზრდება. აზერბაიჯანი, რომელიც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების გაფართოებული ორგანიზაციის (Opec+) წევრია, აქცენტს აკეთებს გაზზე, როგორც ენერგიის გარდამავალ ფორმაზე, რადგან წამყვანი ქვეყნები მომდევნო ათწლეულში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის დაახლოებით მესამედით შემცირებას გეგმავენ. ბაქო იმედოვნებს, რომ რუსული გაზის ექსპორტის შემცირებითაც ისარგებლებს, რომელიც საერთაშორისო სანქციებით დაზარალდა. აზერბაიჯანს სურს, ევროპისთვის გახდეს გაზის სასურველი მიმწოდებელი „გაზის სამხრეთ დერეფნის“ მილსადენების ქსელის მეშვეობით, რომელიც საქართველოსა და თურქეთზე გადის და აზერბაიჯანს იტალიასთან აკავშირებს. გაზის მთავარი საბადო, შაჰ დენიზი 1999 წელს კასპიის ზღვაში, ბაქოდან სამხრეთით, დაახლოებით 70 კილომეტრში აღმოაჩინეს და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გაზის საბადოს წარმოადგენს.
Bp-ის მონაცემებით, ამ საბადოზე ბუნებრივი აირის ეროვნული წარმოების ორ მესამედზე მეტი მოდის.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი