აზერბაიჯანი: დასავლეთის სამხედრო დახმარება ნიშნავს, რომ სომხეთი მზადაა, დაიწყოს ახალი ომი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის ტერიტორიაზე გამართულ -სა და სომხეთის ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ეხმაურება და განცხადებაში წერს, რომ დასავლეთის მიერ სომხეთის სამხედრო სფეროში დახმარება ახალისებს რეგიონში ახალი ომის დაწყებას.
“აშშ-ის მიერ სომხეთში ჩატარებული სამხედრო წვრთნები, საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება და ევროკავშირის მიერ 10 მილიონის სამხედრო დახმარება ახალისებს ოკუპანტ სახელმწიფოს – სომხეთს, აწარმოოს პროვოკაციები და მიანიშნებს მის მზადებაზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ კიდევ ერთი ომის დასაწყებად” – ვკითხულობთ განცხადებაში.
აზერბაიჯანი აფრთხილებს სომხეთს და მის პარტნიორებს, არ შექმნან კონფლიქტის ახალი ზონა სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
“თუ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედებები არ შეჩერდება, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მიიღებს საპასუხო ზომებს თავდაცვისთვის საჭირო ყველა შესაძლო მეთოდის გამოყენებით” – წერია განცხადებაში.
სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები იმართება.
სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ფარგლებში, წვრთნები Eagle Partner 2024 სომხეთში 15-24 ივლისს გაიმართა. სწავლება Eagle Partner სომხეთში პირველად 2023 წელს ჩატარდა.
წვრთნებში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების მშვიდობისმყოფელ ბრიგადაში მომსახურე ჯარისკაცები იღებენ, ასევე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ძალების წარმომადგენლები და კანზასის ეროვნული გვარდია.
წვრთნების მიზანი სამხედრო დანაყოფების ურთიერთქმედების ხარისხის გაზრდაა, ასევე სამშვიდობო ოპერაციების მართვასა და ტაქტიკური კომუნიკაციაში გამოცდილების გაზიარება და სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება.
აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვის გამო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო – ინფორმაცია ამის შესახებ პენტაგონმა გაავრცელა.
“შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის ძირეული გადახედვა. ამ გადახედვის ფარგლებში, შეერთებული შტატები საქართველოში განუსაზღვრელი ვადით გადადებს ღირსეული პარტნიორის წვრთნებს, რომელიც 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო.” – წერია პენტაგონის განცხადებაში.