აზერბაიჯანი გეგმავს გააფართოოს ევროპული ქვეყნების სია, რომელთაც გაზს მიაწვდის

აზერბაიჯანი გეგმავს გაზარდოს ევროპული ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც ის გაზს მიაწვდის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სერბეთის ქალაქ ნისში სერბეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის გაშვების ცერემონიაზე განაცხადა.
„ჩვენი სამომავლო გეგმები დაკავშირებულია გაზის ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოებასთან ახალი ევროპული ქვეყნების ბაზრებზე ახალი ინტერკონექტორების მეშვეობით“, – აღნიშნა ალიევმა.
ამასთან, მისი თქმით, აზერბაიჯანის ძირითადი მიზნები განახლებადი ენერგიის წყაროებს (RES) უკავშირდება.
„აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა შეთანხმებებს და განზრახვის მემორანდუმებს უცხოელ ინვესტორებთან, რომლებიც ითვალისწინებენ განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით 10 გიგავატ სიმძლავრის შექმნას“, – დასძინა ალიევმა.
აზერბაიჯანი ამჟამად აწვდის გაზს ევროპაში იტალიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, რუმინეთსა და უნგრეთს. მიწოდება სერბეთში 2024 წელს დაიწყება. გარდა ამისა, ევროპის არაერთმა ქვეყანამ გამოხატა ინტერესი აზერბაიჯანული გაზის შეძენის მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ