აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტს (ICRC) ბაქოს ოფისის დახურვის განზრახვის შესახებ აცნობა, – ამის შესახებ “კავკაზსკი უზელის” კორესპონდენტს აცნობა აზერბაიჯანის წითელი ჯვრის წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ილაჰა გუსეინოვამ.
მისი თქმით, ამჟამად ICRC-ის წარმომადგენლობა კონტაქტშია ხელისუფლებასთან. “ეს კონტაქტები ჩვენი კონფიდენციალური და ორმხრივი დიალოგის ნაწილია”, – ამბობს გუსეინოვა.
ოფიციალურ ბაქოს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
თუმცა, სააგენტო APA-ს ცნობით, მთავრობაში მიაჩნიათ, რომ “ამჟამად აზერბაიჯანში წითელი ჯვრის წარმომადგენლობის საქმიანობა საჭირო აღარ არის”.
ასევე, სააგენტო აღნიშნავს, რომ წარსულში აზერბაიჯანსა და საერთაშორისო წითელ ჯვარს შორის გარკვეული პრობლემები არსებობდა.
“2020 წლის დასაწყისში კომიტეტმა გახსნა ოფისი ხანკენდიში [სტეფანაკერტი – სომხ.], აზერბაიჯანის შეტყობინების გარეშე. მაშინ, მიუხედავად აზერბაიჯანის დაჟინებული მოთხოვნისა, ICRC-მა არ დახურა თავისი ოფისი. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგაც (2020 წელს), წითელი ჯვარი კვლავ უარს ამბობდა ხანკენდის ოფისის დახურვაზე.
გარდა ამისა, აზერბაიჯანულ მხარეს აქვს მტკიცებულებები, რომ წითელი ჯვარი კონტრაბანდას ახორციელებდაჰუმანიტარული მისიების საფარქვეშ. 2023 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა (GPS) აღმოაჩინა, რომ წითელი ჯვრის ტრანსპორტით სხვადასხვა სახის კონტრაბანდა გადაჰქონდათ. GPS-ის ანგარიშში ხაზგასმული იყო, რომ წითელი ჯვარი წინასწარ გააფრთხილეს ამგვარი ქმედებების დაუშვებლობის შესახებ”, – წერს საანენტო apa.




