აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდა.
ჯამში 125 საარჩევნო ოლქში 6 537 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, მათ შორის 6 319 მუდმივი უბანი და 218 უბანი აზერბაიჯანის საზღვარგარეთ არსებულ საელჩოებში, საკონსულოებსა და მუდმივ წარმომადგენლობებში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 4 590 075 ადამიანმა მიიღო, ანუ ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეების 70.85%-მა.
ცნობისთვის, რიგგარეშე არჩევნებში 7 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ორმა უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, “მუსავათმა” და “აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის პარტიამ” უარი განაცხადეს არჩევნებში კანდიდატების წაყენებაზე და მხარდამჭერებს აღჩევნებში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს.