აზერბაიჯანის საგარეო: უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას გავაგრძელებთ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იალჩინ რაფიევმა მონაწილეობა მიიღო რომში გამართულ უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციაში.

რაფიევის თქმით, ში მიმდინარე ომმა “სერიოზულად ავნო” რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მან აღნიშნა, რომ თავდასხმის პირველივე დღიდან აზერბაიჯანი მხარს უჭერს კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრას, საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და პრინციპების გათვალისწინებით, ასევე უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი გასულ წლებში უკრაინას ჰუმანიტარულ და სარეკონსტრუქციო დახმარებას უგზავნიდა, რამაც 42 მილიონი დოლარი შეადგინა. მისივე თქმით, 330 უკრაინელი ბავშვი მონაწილეობდა აზერბაიჯანის მიერ დაფინანსებულ სოციალურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციის პროგრამაში.

რაფიევმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიაზე ნაღმების პრობლემას გადაჭრას ცდილობს და ამიტომაც სოლიდარობას უცხადებს ქვეყნებს, რომლის ტერიტორიები დანაღმულია. ამასთან დაკავშრებით მან აღნიშნა, რომ ბაქო კიევს განაღმვის სამუშაოებში ეხმარება და ახლო მომავალში მიაწვდიან საჭირო სათადარიგო ნაწილებს, ასევე გაწვრთნიან გამნაღმველებს.

მან ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს პროექტებს, რომელთა მიზანია უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენა. საგარეო მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის დახმარების წვლილს ქალაქ ირპინში. მან ასევე დაამატა, რომ, ორმხრივი თანამშრომლობის გათვალისწინებით, აზერბაიჯანი უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გააგრძელებს.

კონფერენციის ფარგლებში რაფიევი შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრიი სიბიჰას და განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.