დსთ-ს სამიტზე ილჰამ ალიევის არყოფნა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს ხელს არ უშლის. შესაბამისი განცხადება კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
„აზერბაიჯანთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ფარგლებში პარტნიორულ ურთიერთობებს ვაგრძელებთ. აზერბაიჯანი დსთ-ს ყველა ფორმატში მონაწილეობას აგრძელებს“, – განაცხადა პესკოვმა.
მანამდე, აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო AZERTAC-მა სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე ილჰამ ალიევის გამოუცხადებლობის მიზეზი დაასახელა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ დსთ-ს სახელმწიფოების მეთაურების არაფორმალურ სამიტს ილჰამ ალიევი დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ესწრება.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ილჰამ ალიევი 21 დეკემბერს გამართულ ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომას იმ მიზეზით არ დაესწრო, რომ აზერბაიჯანი კავშირის წევრი არ არის.




