1-ლ სექტემბერს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (SCO) სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმაც. ორივე მათგანმა გაუსვა ხაზი 8 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობას „შუა დერეფანში“ ამ ორი ქვეყნის როლის გაზრდის პერსპექტივის კუთხით და ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას. თუმცა, სომხეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უნდა მისდიოს ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების ლოგიკასა და ტერმინოლოგიას და არ უნდა გამოიყენოს სახელწოდება „ზანგეზურის დერეფანი“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიმდინარე წელს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას უწოდა “ახალი თავის” გახსნა ორი ქვეყნის ურთიერთობაში. მან განაცხადა:
“ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი მოეწერა მიმდინარე წელს, ჩინეთში ჩემი სახელმწიფო ვიზიტის დროს. ამ ისტორიული მოვლენით გაიხსნა ახალი თავი აზერბაიჯანი-ჩინეთის ურთიერთობაში”.
აზერბაიჯანის ლიდერმა გამოხატა მხარდაჭერა ჩინეთის ლიდერის მიერ წამოყენებული გლობალური ინიციატივების მიმართ:
“აზერბაიჯანი აქტიურად უჭერს მხარს “გლობალური განვითარების ინიციატივას”, “გლობალური უსაფრთხოების ინიციატივასა” და “გლობალური ცივილიზაციის ინიციატივას”, რომელიც ჩინეთმა წარმოადგინა საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების ხელშესაწყობად. ჩვენ აგრეთვე მივესალმებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ “გლობალური მმართველობის ინიციატივას””.
ილჰამ ალიევმა აღნიშნა აგრეთვე, რომ მისი ქვეყანა იყო “ერთ-ერთი პირველი, ვინც მხარი დაუჭირა “ერთი სარტყელი – ერთი გზის” ინიციატივას”.
“შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სამიტი აზერბაიჯანის ლიდერმა თავისი ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობის ხაზგასასმელად გამოიყენა:
“აზერბაიჯანი არის ევრაზიის ერთ-ერთი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბი. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებს და ვქმნით თანამედროვე ინფრასტრუქტურას. აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთი-სამხრეთის დერეფნებმა გახსნა ახალი ეკონომიკური სატრანსპორტო პერსპექტივები”.
ამასთან, ალიევი აღნიშნავს, რომ აპირებს დიდი ძალისხმევა გასწიოს ტვირთების გამტარუნარიანობის გასაზრდელად:
“აზერბაიჯანი აპირებს გაზარდოს ალათის საერთაშორისო საზღვაო პორტის გამტარუნარიანობა 15-დან 25 მილიონ ტონამდე წელიწადში. შუა დერეფანი წარმოადგენს სანდო და უსაფრთხო მარშრუტს, რომელიც აერთებს ჩინეთს, ცენტრალურ აზიას ევროპასთან, აზერბაიჯანის გავლით. 2022 წლის შემდეგ აზერბაიჯანის გავლით შუა დერეფანში მოძრავი ტვირთის მოცულობა თითქმის 90 პროცენტით გაიზარდა. ამ დერეფნის გავლით ტვირთის მოძრაობის დრო მნიშვნელოვნად შემცირდა“.
ილჰამ ალიევმა განმარტა რა სარგებელი მოუტანა აზერბაიჯანს სომხეთთან მიღწეულმა შეთანხმებამ:
“ბოლოდროინდელმა შეთანხმებებმა აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორია დააკავშირა მის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და მოსალოდნელია სატრანზიტო შესაძლებლობების შემდგომი გაფართოება საერთაშორისო ტრანსპორტირებისთვის”.
ამის შემდეგ, აზერბაიჯანის ლიდერმა ახსენა “ზანგეზურის დერეფანი” და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას:
“დარწმუნებული ვარ, რომ ზანგეზურის დერეფანი მალე იქცევა “შუა დერეფნის”, ისევე როგორც ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მორიგ მნიშვნელოვან სეგმენტად, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობას, მრავალმხრივ პარტნიორობას და წაადგება აზერბაიჯანის ახლო და შორეულ მეზობლებს ჩვენი საზღვრებიდან აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით”.
სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საჭიროდ ჩათვალა სამიტზევე განემარტა აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სხვა მონაწილეებისთვის, რა არის მისაღები ტერმინოლოგია ვაშინგტონის შეთანხმებების “ლოგიკით”:
“მსურს ხაზი გავუსვა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ მიღებული დეკლარაცია მოიცავს შეთანხმებას გარკვეულ ტერმინოლოგიაზეც და ჩემი აზრით, ამ მკაფიო, შეთანხმებული ტერმინოლოგიის გამოყენება წაადგება კონსტრუქციულ ატმოსფეროსა და შემდგომი სამუშაოს განხორციელებას. მსურს ჩვენს პარტნიორებს აგრეთვე ვაცნობო, რომ კერძოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვორდინგი ჩვენი აზრით, არ შესაბამება ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების ლოგიკას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ შეთანხმებების ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკა და აშშ განახორციელებენ კომუნიკაციების საინვესტიციო პროგრამას სახელწოდებით “საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტი”.
ეს პროგრამა გამომდინარეობს სომხეთის რესპუბლიკის “მშვიდობის გზაჯვარედინის” პროექტიდან და სომხეთის რესპუბლიკამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს ორმხრივ მემორანდუმსამ პროექტის განვითარებასა და მასში ინვესტირებაზე”.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი მოწადინებულია მაქსიმალურად სწრაფად განახორციელოს მიღწეული შეთანხმებები:
“მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ სომხეთის რესპუბლიკა ერთგულია მიღწეული შეთანხმებების და მოწოდებული ვართ განვახორციელოთ ეს შეთანხმებები რაც შეიძლება მალე. შედეგად, არათი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაცია გაიხსნება საშინაო, ორმხრივი და საერთაშორისო კომუნიკაციისთვის, არამედ შეიქმნება ლოჯისტიკური შესაძლებლობები “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, ჩვენი და აზერბაიჯანის უშუალო მეზობლების ჩათვლით”.
სომხეთის პრემიერმინისტრმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მსგავსად, ხაზი გაუსვა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების მნიშვნელობას:
“ეს სამიტი ისტორიულია სომხეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების თვალსაზრისითაც, ვინაიდან პრეზიდენტ სი ძინპინთან ერთად ხელი მოვაწერეთ განცხადებას, რომელშიც ჩაიწერა, რომ თანამშრომლობა სომხეთსა და ჩინეთს შორის განვითარდა და მან მიაღწია სტრატეგიული პარტნიორობის დონეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის საფუძველზე ჩვენს ქვეყნებსი შორის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება”.
31 აგვისტოს ჩინეთის ქალაქ ტიანძინში დაიწყო “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” (SCO) ორდღიანი სამიტი, რომელზეც 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერია შეკრებილი. ისინი ბლოკის ყოველწლიურ სამიტზე რეგიონული უსაფრთხოებისა და ვაჭრობის საკითხებს განიხილავენ დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე.
SCO შეიქმნა 2001 წლის 15 ივნისს და მისი დამფუძნებელი წევრები არიან ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. 2017 წელს ორგანიზაციას შეუერთდნენ ინდოეთი და პაკისტანი, 2023 წელს – ირანი, 2024-ში – ბელარუსი. “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრები არიან ავღანეთი და მონღოლეთი. ორგანიზაციას ჰყავს დიალოგის პარტნიორი 14 ქვეყანა, მათ შორის: აზერბაიჯანი, სომხეთი, საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კუვეიტი.
