18 დეკემბერს აზერბაიჯანიდან სარკინიგზო გზით სომხეთის მიმართულებით გაიგზავნა AI-95 მარკის ბენზინით დატვირთული 22 ცისტერნა.
„Euronews“-ის ცნობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს არის პირველი მსგავსი საწვავის ექსპორტი და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯად მიიჩნევა.
SOCAR-ის მიერ წარმოებული 1210 ტონა ბენზინი საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში ჩავა.
საწვავის ექსპორტის შესახებ შეთანხმება 28 ნოემბერს გაბალაში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების მოადგილეებს შორის იყოს მიღწეული.
ამჟამად სომხეთში საწვავის 60 პროცენტზე მეტი იმპორტირებულია რუსეთიდან, დანარჩენი კი ირანიდან, რუმინეთიდან, მალტიდან და თურქეთიდან შედის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით განხორციელებული პირველი საწვავის ტრანზიტისთვის გადასახადი არ დაეკისროთ, თუმცა უცნობია, როგორ და რა პირობებით გაგრძელდება ტრანზიტი შემდგომ, ვინაიდან ბაქო თბილისზე გაბრაზებულია ტრანზიტის მაღალი ფასის გამო და ალტერნატიულ გზებზეც საუბრობს.
რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედიამ საქართველოს ხელისუფლება ამჯერად მშვიდობის წინააღმდეგ პოლიტიკაში დაადანაშაულა და “კონფლიქტის დეტალები გაასაჯაროვა”. აზერბაიჯანული მედიის განცხადებით, აზერბაიჯანი გაკვირვებულია და გაბრაზებულია ქართულ მხარეზე იმის გამო, რომ თბილისმა აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში ტრანზიტის არარეალურად მაღალი ფასი დააწესა. ვრცელ სტატიაში აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედია ქართული მხარეს მეზობლებს შორის მშვიდობის დამყარების ხელის შეშლაშიც ადანაშაულებს.




