„აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ, სატრანსპორტო კოლაფსია მოსალოდნელი“ – რამ გამოიწვია ტრაილერების კილომეტრიანი რიგები წითელ ხიდთან?

წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ზაფხულის დასაწყისიდან სატვირთო ტრაილერების კილომეტრიანი რიგებია და მძღოლებს რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე დგანან. როგორც გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, პრობლემა წლებია არსებობს და ის განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში მძაფრდება, როდესაც ტვირთბრუნვა იზრდება.
სატრანსპორტო საშუალებების გავლის შეფერხების მიზეზების და მოგვარების გზების შესახებ კითხვით „კომერსანტმა“ შემოსავლების სამსახურს მიმართა, რაზედაც უწყებაში გვითხრეს, რომ საქართველოს მხარეს საბაჟო კონტროლის პროცედურები ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს და შესაძლოა პრობლემა აზერბაიჯანულ მხარეს იყოს.
„შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლის პროცედურები ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს. ჩვენი მხრიდან შეფერხება არ არის, დააზუსტეთ აზერბაიჯანის მხარეს, შესაძლოა ისინი ვერ იღებენ იმ რაოდენობას რაც ჩვენგან გადის.
ზოგადად ზაფხულში როგორც წესი გაზრდილია ტვირთბრუნვა, თუმცა ჩვენი მხარე უმკლავდება და შეფერხება არ არის“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია წითელ ხიდთან სატრანსპორტო კოლაფსის მივიღოთ, როდესაც აზერბაიჯანი საქართველოსთან სახმელეთო საზღვარს გახსნის რომელიც 4 წელია დაკეტილია, შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ საქართველოს მხრიდან შეფერხება არ იქნება.
ერთ-ერთი გადამზიდი კომპანიის წარმომადგენელი რუსლან ჰამიდოვი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საცობების პრობლემა წითელი ხიდის გამშვებ პუნქტთან შარშან ზაფხულშიც იყო, გარდა ამისა პრობლემა აზერბაიჯანის ნეიტრალურ ზონაშიც იქმნებოდა და ზოგადად ძირითადი პრობლემა მეზობელ მხარეს იყო.
„საზღვარზე რამდენიმე დღე გვიწევს ლოდინი, საშუალოდ 3-4 დღე უნდა ვიდგეთ რიგში. არც მაღაზიაა ირგვლივ და არც არაფერი. გამშვები პუნქტიც სუსტად მუშაობს, ორივე მხარე, მაგრამ ძირითადად აზერბაიჯანული მხრიდან არის შეფერხება, ნელა მუშაობენ და გვიწევს ლოდინი. საქართველოდან აზერბაიჯანში, ყაზახეთში და სხვა შუა აზიის ქვეყნებში მიმაქვს ტვირთი და ხშირად გავდივარ წითელი ხიდის საბაჟოზე. საავტომობილო გზაზე მდებარე სატვირთოების პარკინგებშიც ფასები ყოველწლიურად იზრდება და ეგეც ცალკე პრობლემაა.
გარდა ამისა, წარმოდგენაც არ გვინდა, რა მოხდება როდესაც აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვარი გაიხსნება. საზღვრის გახსნის შემდეგ, სატრანსპორტო კოლაფსია მოსალოდნელი “ – ამბობს გადამზიდავი.
ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს 2024 წლის 2 აპრილამდე არ გახსნიდა, თუმცა ვადამ ოქტომბრამდე გადაიწია. აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 გაზაფხულიდან არის დაკეტილი. ბაქოში აცხადებდნენ, რომ კარანტინის რეჟიმი იმდენ ხანს იქნება ძალაში, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. აზერბაიჯანში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ.
„კომერსანტი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას და დამატებით დეტალებს მკითხველს მიღებისთანავე გავაცნობთ.