აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, რომელიც საქართველოში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა, საპატიმრო დატოვა. ინფორმაციას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც მის უფლებებს იცავდა.
„საქართველოს კანონმდებლობით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეს შეადგენს. აფგან სადიგოვის შემთხვევაში ეს ვადა 2025 წლის 3 მაისს იწურებოდა, რის გამოც საქართველოს პროკურატურა იძულებული გახდა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
სადიგოვმა საპატიმრო 5000-ლარიანი გირაოთი დატოვა.
· აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.
· გასული წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისი ცოლის თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლება აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.
· აფგან სადიგოვმა 2020 წელს, როდესაც აზერბაიჯანში დააპატიმრეს, საპატიმროში 242 დღე იშიმშილა და მისი ჯანმრთელობა მაშინ სერიოზულად შეირყა.
· მან საქართველოს ციხეშიც იშიმშილა 161 დღე – მშრალ შიმშილობაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილი დაეთანხმა პროკურატურას და აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა 3 მაისამდე გაახანგრძლივა.
· მან შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს დროებითი ღონისძიების ფარგლებში მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.
ფორუმი
