აზერბაიჯანში დაპატიმრებული Abzas.media-ს რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი „ყველაზე სასწრაფო“ შემთხვევათა სიაში მოხვდა – საერთაშორისო კოალიცია One Free Press Coalition ჟურნალისტების გათავისუფლებას მოითხოვს.
მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით (3 მაისი), წამყვანი გლობალური მედიაორგანიზაციები კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ „თავისუფალი მედიის ერთიანი კოალიციის“ სახელით და გამოაქვეყნეს წლიური სია — „10 ყველაზე სასწრაფო შემთხვევა“, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმ ჟურნალისტებზე, ვინც სიმართლის ძიებისთვის დღესაც პატიმრობაში იმყოფება.
სია, რომელიც ერთდროულად გამოქვეყნდა კოალიციის ყველა წევრის პლატფორმაზე და ვებსაიტზე OneFreePress.com, ასახავს იმ გლობალურ ტენდენციას, რომლის დროსაც ხელისუფლებები ცდილობენ მედიის დადუმებას, ჟურნალისტიკის კრიმინალიზებას და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვას.
2025 წლის რეიტინგში მოხვდა ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სევინჯ ვაგიფგიზი, რომელიც 2023 წლიდან AbzasMedia-ს ანტიკორუფციული გამოძიებების გამო იმყოფება პატიმრობაში.
35 წლის სევინჯ ვაღიფგიზი დამოუკიდებელი საგამოძიებო გამოცემის – AbzasMedia-ს მთავარი რედაქტორია, რომელიც აზერბაიჯანში განსაკუთრებით ცნობილია საჯარო მოხელეების ქონებრივი ინტერესების გამოძიებით.
2023 წლიდან, როდესაც აზერბაიჯანში დაიწყო მასშტაბური კამპანია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ვაღიფგიზი და მისი ხუთი კოლეგა დააკავეს ფულის კონტრაბანდის ბრალდებებით. გამოძიების ვერსიით, მათ დასავლელი დონორებისგან დაფინანსება უკანონოდ მიიღეს. პოლიციამ გამოცემის ოფისში ჩატარებული ჩხრეკისას $43,000-ზე მეტი თანხა ამოიღო, რაც სავარაუდო მტკიცებულებად იქნა წარმოდგენილი. თუმცა, როგორც თავად ჟურნალისტები და უფლებამდაცველები აცხადებენ, აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებულია.
2024 წლის ბოლოს მდგომარეობით, CPJ-ის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში 361 ჟურნალისტი იმყოფებოდა ციხეში, რაც 2023 წელთან შედარებით გაზრდილია (320).
შარშან, 2024 წლის აგვისტოში, კოალიციამ წარმატებით იზეიმა ორი ამერიკელი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩისა და ალსუ კურმაშევას გათავისუფლება რუსეთიდან, რომლებიც იმავე სიაში ფიგურირებდნენ.
კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას: „ჟურნალისტიკა არც ერთ ქვეყანაში არ არის დანაშაული.“
