აზერბაიჯანელი პატიმარი ჟურნალისტი აცხადებს, რომ ქორწინების უფლებაც შეუზღუდეს

Meydan TV-ს დაპატიმრებულმა ჟურნალისტმა, აითაჯ თაფდგმა გაავრცელა საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ საპატიმროში მას ქორწინების შესაძლებლობას უზღუდავენ, რითაც აზერბაიჯანის კონსტიტუციას არღვევენ.
აითაჯ თაფთიგი, Meydan TV-ს ჟურნალისტი, დაპატიმრებამდე აზერბაიჯანში ერთ-ერთი იშვიათთაგანი ქალი იყო, ვინც აქტიურად აშუქებდა საპროტესტო მოძრაობებს, სოციალური დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტებს.
ის დააკავეს 2024 წლის დეკემბერში და ბრალად წაუყენეს უცხოური ვალუტის კონტრაბანდა. მისი დაკავებისას სამართალდამცავებმა არ წარმოადგინეს მკაფიო მტკიცებულებები, თუმცა სასამართლომ მაინც წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. Human Rights Watch-მა და CPJ-მ (Committee to Protect Journalists) განაცხადეს, რომ აითაჯის საქმე აშკარად პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და მიზნად ისახავს სამოქალაქო მედიის დემორალიზებას. Meydan TV-ის ჟურნალისტმა, აითაჯ თაფთიგმა, ბაქოს სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ კონტრაბანდის ბრალდება დაუსაბუთებელია. დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს მის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ თაფთიგი პატიმრობაში დატოვა. 11 მარტს ECHR-მა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება აითაჯ თაფთიგის (ყოფილი აითაჯ ახმედოვა) 2015 წლის სარჩელის საფუძველზე. სარჩელი უკავშირდებოდა მის იძულებით მიყვანას აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში 2015 წლის სექტემბერში, სადაც Meydan TV-ის საქმიანობაზე კითხავდნენ. ამასთან, მისი ბინის ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს ორდერის გარეშე, ჩამოართვეს კომპიუტერი, ხოლო მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა მისი პირადი ფოტოები, მათ შორის სანაპიროზე გადაღებული. სოციალურ ქსელებში ფოტოებს თან ახლდა ძალადობრივი მოწოდებები ჟურნალისტის წინააღმდეგ. ადგილობრივმა სასამართლოებმა არ ჩაატარეს გამოძიება მისი პრეტენზიების საფუძველზე, რაც ECHR-მა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) დარღვევად ცნო. სტრასბურგის სასამართლომ აზერბაიჯანს დააკისრა თაფთიგისთვის 4500 ევროს კომპენსაციის გადახდა მორალური ზიანისთვის, 1000 ევროს გადახდა კი, სასამართლო ხარჯების დასაფარად.
„საკმარისი არ იყო, რომ ცილისწამების ბრალდებით დამაპატიმრეს, ახლა კიდევ ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში არღვევენ ჩემს უფლებას ქორწინებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ იანვარში დავწერე განცხადება ქორწინების რეგისტრაციის მიზნით, დღემდე არ იქმნება საჭირო პროცედურების შესრულებისთვის აუცილებელი პირობები,“ – აღნიშნულია თაფდგის განცხადებაში, რომელიც მისმა ახლობლებმა გამოცემა “კავკაზსკი უზელის” კორესპონდენტს გადასცეს.
ჟურნალისტი ასევე განმარტავს, რომ განცხადების დაწერიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ მიიღო იზოლატორის ხელმძღვანელობისგან პასუხი, რომლის მიხედვითაც “გამოძიება არ აძლევს მას ქორწინების უფლებას”.
მისივე თქმით, კაცი, რომელთანაც მას დაქორწინება სურს, ქამრან მამედლია, აზერბაიჯანში ცხოველთა უფლებების დამცველი.
ქამრან მამედლი დააკავეს 2024 წლის 15 ნოემბერს, როდესაც იგი კლიმატის კონფერენციის COP29-ის ტერიტორიაზე, “მწვანე ზონაში”, მარტო ატარებდა საპროტესტო აქციას ქუჩის ძაღლების დახოცვის წინააღმდეგ. ის ავიდა სკამზე, გაშალა პლაკატი წარწერით: „აზერბაიჯანის ხელისუფლება ქუჩის ძაღლებს ხვრეტს!“ და დაიწყო ამ ლოზუნგის სკანდირება. პოლიციამ ის რამდენიმე საათით დააკავა. 2 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის -მ მამედლის ქვეყნის დატოვებაზე აკრძალვა დააწესა.
უკვე 6 დეკემბერს მამედლი და ჟურნალისტი აითაჯ თაფდგი ერთად დააკავეს, თუმცა მამედლი ერთ დღეში გაათავისუფლეს. მან მოგვიანებით განაცხადა, რომ დაკავებისას სამართალდამცველებმა აწამეს და ტელეფონის კოდის გაცემას აიძულებდნენ.