„აზარტული თამაშებისას საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდული უნდა იყოს წაგების მოცულობა და მოთამაშე ლიმიტს თუ გადააჭარბებს, თამაშის უფლება არ უნდა ჰქონდეს“
საქართველო რეალურად აზარტული თამაშების ჰაბია. ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი მზარდია და სულ უფრო მატულობს სექტორში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა, რომელთაგან 12% უცხოური კაპიტალით არის დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რეგულაციები დაწესდა და გადასახადებმაც მოიმატა, სათამაშო ბიზნესის მიმართ ინტერესი არ ნელდება. ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც აზარტული ბიზნესი შეზღუდული ან აკრძალულია, მეწარმე სუბიექტები მუშაობას საქართველოში აგრძელებენ და სულ უფრო და უფრო ითრევენ ახალგაზრდა თაობას, რომელიც ან აზარტულ ბიზნესშია დასაქმებული, ანაც მოთამაშეა.
ამდენად, პრობლემაა როგორც მორალური თვალსაზრისით, წმინდა ეკონომიკურადაც. ფული ამ მიმართულებით იდება და მუშახელსაც იზიდავენ. ასე თანდათან საქართველო რეგიონში აზარტული თამაშების ჰაბად იქცა.
რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, 2024 წლის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1 039 სათამაშო ბიზნესი რეგისტრირებული. მათგან 88% ადგილობრივი კერძო საკუთრებაა.
ფაქტია, რომ სათამაზო ბიზნესის მიმართ ვერც რეგულაციებმა გაჭრა. საქართველოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არათუ შემცირდა, პირიქით, გაზრდილია. როგორც სპეციალისტები საუბრობენ, მკაცრი შეზღუდვებია საჭირო, ერთ-ერთ ასეთ მეთოდად მიიჩნევა წაგების ზღვრის დაწესება, რომ მრავალი წაგების შემდეგ ადამიანი თამაშის პროცესს ავტომატურად გამოეთიშოს.
როგორც ყოფილი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, პრობლემა ნამდვილად საშიში და მასშტაბურია, რადგან სათამაშო ბიზნესისკენ ჩვენი მოსახლეობის ჯიბიდან დიდძალი ფული მიიმართება, რაც სექტორის მოგებას ზრდის და პარალელურად ანადგურებს სხვა დარგებს, ადამიანები არიან მძიმე ყოფაში, ქვეყანაში მარტო ფულის გამთეთრებელი ბიზნესი ვითარდება, რომლის ბრუნვა რეგულაციების ფონზეც არნახულ მასშტაბს აღწევს. ნაცვლიშვილი მომხრეა, რომ ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის სხვადასხვა შეზღუდვა მოქმედებდეს.
,,აზარტული თამაშები დიდი საფრთხეა მოსახლეობისთვის, აკრძალვას ვერ მივესალმები, მაგრამ მიმაჩნია, რომ კანონი გადასახედია და კიდევ უფრო გასამკაცრებელი. ჩემი აზრით, სხვადასხვა რეგულაციები უნდა იყოს ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით შეზღუდული უნდა იყოს წაგების მოცულობა და მოთამაშე ლიმიტს თუ გადააჭარბებს, თამაშის უფლება არ უნდა ჰქონდეს. თუ გვინდა დავიცვათ ადამიანები, ეს შეგვიძლია გავაკეთოთ.
მართალია, სოციალურად დაუცველებს თამაში აეკრძალა, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია ზღვარის დაწესება, რათა პირი რამდენიმე ხნის განმავლობაში, სისტემური წაგების შემთხვევაში ავტომატურად ირიცხებოდეს თამაშის პროცესიდან. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი ვარიანტია, დაწესდეს წაგების ზღვარი. ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას კანონმდებლობის დონეზე თუ გვინდა შველა იმ ადამიანების, რომლებიც ჩართული არიან ამ საშინელ თამაშებში. ხელისუფლებას რასაც ვთავაზობ, აპრობირებული მეთოდია, რაც შეამსუბუქებს რისკებს და ამ ადამიანების მდგომარეობას. ის, რომ ტურისტებს მოაქვთ ამხელა მოგება ამ ბიზნესისთვის, არის ტყუილი. მაინც და მაინც თუ ტურისტებზე არის საუბარი, უცხოელებისთვის განსაკუთრებული პირობები შეიძლება შეიქმნას და ამავე დროს ონლაინ თამაშების პირობები გამკაცრდეს“, – განუცხადა ნაცვლიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.
როგორც ცნობილია, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით რეგულაციები 2019 წელს გამკაცრდა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ყოფილი დეპუტატი, ორგანიზაცია ,,ტრიბუნას” დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე იყო.
როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, აზარტული თამაშების ბიზნესში ზრდის მასშტაბი, მიუთითებს არა მხოლოდ ამ სექტორის პოზიციებზე, არამედ სხვა სექტორების პრობლემებსაც აჩენს, რაც უფრო და უფრო ნათლად გამოიკვეთება წლების განმავლობაში. ლოგიკურად, ამას უნდა შეემცირებინა ბრუნვა, სინამდვილეში კი პირიქითაა.
,,აზარტული თამაშები დიდი მავნებლობაა საქართველოს მოსახლეობისთვის, კარგია რომ კანონი გამკაცრდა, მაგრამ კიდევ უფრო გასამკაცრებელია. არც აკრძალვას გამოვრიცხავ, გამოსავალი არ არის ნაწილობრივი შეზღუდვა, ამას ყველა ვხედავთ. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩვენ ვიყავით კანონპროექტის ინიციატორები, გვინდოდა, სერიოზული ცვლილება გაგვეტარებინა, რაც რეალურად დაიცავდა მოქალაქეებს და ოჯახების კეთილდღეობაზეც აისახებოდა. კანონპროექტის მუშაობისას უმრავლესობის რამდენიმე წევრი აქტიურად იყო ჩართული. იმასაც ვერ მივაღწიეთ, რომ რეალურად რეკლამის განთავსება აკრძალულიყო.
ამ ქვეყანაში კაზინო და სათამაშო ბიზნესი, იმხელა მოგებას აგენერირებს, ქართველი იქნება, უცხოელი თუ სხვა, მისი მონაწილეობის გაკონტროლება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ეს არის დიდი პრობლემა, დიდძალ ფულთან არის დაკავშირებული. ჩვენ არ გვაქვს სხვა შესაძლებლობა გარდა იმისა, რომ სათამაშო ბიზნესი დავუშვათ ან ავკრძალოთ, არჩევანი უნდა გაკეთდეს, რა გზას გამონახავს ქვეყანა საკუთარი მოქალაქეების დასაცავად.
ნახევრად დაშვებული კაზინოები და ამ მიმართულებით რეგულაცია ვერ გვაძლევს შედეგს, მომხმარებლები შავ ხვრელს მაინც პოულობენ და საქმე იქამდეც მიდის, რომ სხვისი პირადობის მოწმობებით რეგისტრირდებიან. ამიტომაც ვარ აკრძალვის მომხრე, თუმცა სათამაშო ბიზნესის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ ტურიზმის მიმართულებით და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური სივრცე გამოიყოფა, სხვა ვარიანტი არც უნდა განიხილებოდეს”, – განაცხადა “ბიზნეს-რეზონანსთან” ჭიჭინაძემ.
სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული 1 039 სათამაშო ბიზნესიდან, 916 ადგილობრივი საკუთრებაა, 92 – კერძო უცხოური საკუთრება, 1 – სახელმწიფოს საკუთრება, 1 – შერეული, სახელმწიფოს უპირატესობით, 13 – შერეული, ადგილობრივის უპირატესობით, 14 – შერეული უცხოეთის უპირატესობით.
რაც შეეხება ქვეყნებს, რომელთა წარმომადგენლებსაც საქართველოში ყველაზე მეტი აზარტული ბიზნესი აქვთ, ხუთეულის სათავეში თურქეთია, საიდანაც 26 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი – 23 ბიზნეს სუბიექტით. ისრაელის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 8 ბიზნესს მოიცავს, კვიპროსიდან – 6 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებულია, ამდენივეა სომხეთიდანაც.
ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოში 1 037 აზარტული ბიზნეს იყო რეგისტრირებული, 2023 წელს – 1 043.
www.resonancedaily.com