თბილისის მერია ეხმაურება გუშინ, 12 აპრილს, ავჭალაში 13 წლის ბიჭის დაღუპვას. უწყებაში ადასტურებენ, რომ კორპუსი, რომლის შახტშიც მოზარდი ჩავარდა ავარიულია. მათივე ინფორმაციით, კორპუსში ლიფტი არასდროს ყოფილა – ადგილობრივები აცხადებენ, რომ ლიფტის შახტები იქ ღიაა.
გარდა ამისა, მერიში ამბობენ, კორპუსის მაცხოვრებლებს წლების წინ შესთავაზეს ქირით უზრუნველყოფა სხვა, უსაფრთხო სივრცეში, რასაც ნაწილი დასთანხმდა, ნაწილი კი – არა.
“შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა. ბავშვები აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები არ არიან.
ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა. მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო. მობინადრეებს შეეთავაზათ ქირით გაყვანა და “ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში” მონაწილეობა. უსაფრთხოების მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა გასვლა აღნიშნული შენობიდან. მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე.
თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა”, – ვკითხულობთ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
TV პირველთან საუბრისას, კორპუსის მაცხოვრებლები ადასტურებენ, რომ ოჯახების ნაწილმა კორპუსი დატოვა. დაც შეეხება მათ, ვინც დღემდე ცხოვრობს იქ, აცხადებენ, რომ წლების ითხოვენ მერიისგან მხარდაჭერას, თუმცა უშედეგოდ.
13 წლის მოზარდი ავარიული კორპუსის ლიფტის შახტში გუშინ, 12 აპრილს ჩავარდა. ის შემთხვევიდან რამდენიმე საათში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია გამოძიებაც.
