გლდანის რაიონის გამგეობამ ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის მეოთხე ჩიხში სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკვერის მოწყობის სამუშაოები, დაახლოებით, 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა.
მისივე თქმით, ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ადგილზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
„მსგავსი პროექტების განხორციელება ყველა რაიონში, ყველა უბანში გვინდა. შესაძლოა, ზოგან უფრო დიდი პროექტი განვახორციელოთ, ზოგან ცოტა პატარა, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ყველა სივრცე ავითვისოთ, გავამწვანოთ, რათა ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ ადგილები, სადაც დაისვენებენ, განიტვირთებიან, ივარჯიშებენ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ყველა რაიონში უბნების დონემდე ჩავალთ და მსგავს პროექტებს განვახორციელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.