ავღანეთში 1100-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის” მიერ დღეს, 2 სექტემბერს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 1124 და დაშავებულია 3251 ადამიანი. დანგრეულია 8000-ზე მეტი სახლი.
1 სექტემბრის ღამის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 800 იყო.
დაღუპულთა უმრავლესობა ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ქუნარის მცხოვრები იყო. 31 აგვისტოს ღამით მომხდარი 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ამ რაიონში იყო. რამდენიმე სოფელი მთლიანად განადგურებულია.
BBC-ს კორესპონდენტების ცნობით, მიწისძვრის რაიონში მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა.
ქალაქ ასადაბადის საავადმყოფოს ექიმმა ბრიტანულ მაუწყებელს განუცხადა, რომ 150 პაციენტზე გათვლილმა სამედიცინო დაწესებულებამ 200-ზე მეტი დაშავებული მიიღო, ვითარება ურთულესია, რადგან ათასობით ადამიანი უსახლ-კაროდ დარჩა, საჭიროა კარვები და მედიკამენტები, ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობამ „თალიბანის“ მთავრობასთან უთანხმოება გვერდით უნდა გადადოს და ავღანელებს სწრაფად გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა ავღანეთს ერთი მილიონი გირვანქა სტერლინგის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით, რათა ეს დახმარება არ აღმოჩნდეს მმართველი რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, „თალიბანის“ ხელში.
ავღანეთს ჰუმანიტარულ დახმარებას დაჰპირდნენ ჩინეთი, ინდოეთი და შვეიცარია. გაერომ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ფონდიდან ხუთი მილიონი დოლარი გამოყო.
2021 წლიდან, როცა ავღანეთიდან -ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური ძალების გაყვანის შემდეგ ხელისუფლებაში „თალიბანი“ დაბრუნდა, ქვეყნის საერთაშორისო დახმარება მნიშვნელოვნად შემცირდა. მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის მოსახლეობა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
გაეროს განვითარების პროგრამის მონაცემებით, ავღანეთის მოსახლეობის დაახლოებით 85%-ის საარსებო წყარო დღეში ერთ დოლარზე ნაკლებია.
ფორუმი